დაიკიდე რა!!!

დაიკიდე რომ აღარ ხმაურობს წვიმა შენი ფანჯრის მინაზე…
ისიც დაიკიდე რომ მზე გამოვიდა…
რა მნიშვნელობა აქვს როგორ გინდოდა…
გიხარია? გტკივა? იქნებ გულის ნაფლეთებად დაშლას უცდი სანამ რაიმეს იტყოდე…
რატომ იკავებ თავს?
მოდი, იყვირე, შემომხედე სახეში, გამისწორე თვალი და მითხარი რომ გაქცევა გინდა…
არ გინდა???
მაშ რას ნიშნავს შენი ჩუმი მზერები… შენი აუჩქარებელი ფეხაკრეფილი ნაბიჯები? რატომ არ მომიჯდები გვერდით და არ იმღერებ ჩემთან ერთდ…
ხედავ, ვუკრავ? სწორედ იმ სიმღერას შენ რომ გიყვარს…
წერა დამავიწყდა…
აზრის ძაფიც გამიწყდა…
იმედიც გადამეწურა
რომ რამეს გეტყვი… ან მეტყვი…
მინდა სხვა…
რა მინდა…
შენ ხომ მიმიხვდები. შენ ხომ უსიტყვოდ გესმის..
ნახე, გაიხედე, გარეთ გრიგალი ანგრევს ყველაფერს…
-სიგარეტზე ჩაგეგზავნო?
იქნებ წამიღოს ამ ქარმა…
იქნებ მომგლიჯოს ცრემლისფერ დედამიწას…
მერე გადავუფრენდით ნაწვიმარ ტყეებს…
მე და შენი ერთი კოლოფი სიგარეტი…

სამყარო მინდა…
მივიწყებენ ჩემგან წასული მგზავრები…
ვივიწყებ მათ ვისგანაც წავედი…
უფრო დიდი სამყარო მინდა…
სად დავმალო ჩემი სიშიშვლე?
სული რას შევაფარო?
იქნებ გინდოდა მალე ამომეტანა შენი ერთი კოლოფი სიგარეტი, და მე კი ამ დროს ჰეეე… სამყაროს ვუფრენ გარშემო, დიდი ხნის წინათ ამოვარდნილ ქარიშხალთან ერთააად…

ხო… მაპატიე…
ასე დავიგვიანე…
აჰა… ესეც ხურდა…
დავსველდი? არა უბრალოდ ცოტა დავიღალე… არ წვიმს… ქარია…
დაიკიდე… თუ მოგინდება ისევ ჩავალ…

ჩემს გულის ცემას ვუსმენ სულგანაბული… დღეები დღეებს მისდევენ, წუთები – წუთებს…
ვეღარ ვიოკებ მომუჭულ მუშტში ჩატეულ მთვარეს…
გული გეტკინა…
დაიკიდე ეგეც…

ჩემი ლექსი???

ჩამომათენდა
კიდევ ერთი მზიანი ღამე
დავსდევ შენს ჩრდილებს…
ვეფერები წარსულის სტროფებს…
ვიხლართები
ობობის ქსელში…
ფანტაზიასთან მწყრალად ვყოფილვარ
ეს მაშფოთებს
და გულს მიტოკებს….
როგორც დაბალი ძაბვის ელექტროობა…
სხეულში მივლის ეს გულის ფეთქვა…
რაღაც სიმძიმით დამიამებს წუხანდელ ტკივილს…
ალბათ…
აწკრიალდება ხვალ უთენია ტელეფონი…
-მოდიხარ?
– არა…
-სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა..
-მე ხომ მკვდარი ვარ… რაღა უნდა იყოს ამაზე უფრო სამკვდრო-სასიცოცხლო…
-მაინც.. იქნებ სიცოცხლე გეძვირფასება…
– არ დამრჩენია არაფერი ამ ქვეყანაზე, რომ ვიძვირფასო ეს ერთი მტკაველი სიცოცხლე…
-კარგი…
და ტელეფონის ყურმილში ისმის წყვეტილი ტუ-ტუ-ტუუ….
გავაგრძელებ ძილს. დავიამებ ყველა იარას…
ამ უსასრულო მუსიკამაც გადამიარა…
მივყვები მოცარტს…
სტაკატოები მესობიან თვალებში ნემსად…
მიყვარს ვალსები…
მაგრამ ვერ ვიტან იმ გარემოს სადაც ისმის ვალსის კვნესა…
პურიტანები და სნობები…
ფუF… რა მყრალია თქვენი სუნამოები
გველის ტყავივით სლიპინა და საზარელი:
აბრეშუმის კაბები…
იცი, მგონი მიყვარდები?..
ავიდეთ სადმე მაღალი სახლის სახურავზე…
გავიშალოთ თმა…
ვიცეკვოთ ვალსი
ანდა ვიმღეროთ
შევარჩიოთ სიტყვები ჩაიკოვსკისთვის…
-ჩაი?
-კოვზი…
-კი…
არ დაგვჭირდება ბევრი სიტყვა…
ერთმანეთს ვეყოფით…
აღარ ვიქნებით გუშინდელივით უცხოები…
თავიდან კიდევ ერთხელ შევეჩვევით
ერთმანეთის თვალების ფერს..
ერთად სუნთქვას და ვალსის ცეკვასაც..
მდა… ეს მუზა რაღაც მევასა…
ამოვქექავ ჩემს ძველ ჩემოდანს
შარშანდელი და იმისწინდელი დღიურებიდან ამოვხევ ფურცლებს…
წავშლი რასაც ვგრძნობდი მაშინ…
რომ ისევ ვწერო
და ყოველი ლექსი იყოს ჩემთვის პირველი…
ხოლო შენ დაიტაცებ და შეაგროვებ ამ ნახევებს…
და ერთ ღამეს, როცა ამდენ ტკივილს შენი მუზაც ვეღარ გაუძლებს…
ჩაუჯდები ჩემი ცხოვრების ზოლიან და მკვეთრ აბლაბუდას…
გაიხლართები, როგორც ახლა მე გავიხლართე…
და სიყვარულით გულში ჩაიკრავ ჩემი ძველი ლექსის ნაკუწებს…