Career Tips

როგორ დავიწყოთ ბიზნესი? ნაწილი I: რეგისტრაცია

ყველაფერი 2007 წელს ერთი ძალიან ბავშვური და ერთი შეხედვით სულელური იდეიდან დაიწყო – რამდენიმე ფორუმელმა გოგომ საერთო ბლოგი გავაკეთეთ. 4 წლის შემდეგ ეს წამოწყება PINK.ge-ში გადაიზარდა. რამდენიმე დღის წინ კი როცა ჩემი საკუთარი კომპანიის ბეჭედი ჩავდე მაგიდის ზედა უჯრაში, გავიფიქრე – ახლა შემიძლია დავწერო პოსტი სახელად “როგორ დავიწყოთ ბიზნესი”.

ბიზნესის დაწყების და მართვის ყოველგვარი დეტალების აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ პოსტში მხოლოდ რეგისტრაციის ფორმალურ მხარეზე შევჩერდები. მომდევნო პოსტებში კი სხვა საკითხებზეც ვისაუბრებ. Continue reading

15 პუნქტი – სანამ სამსახურს შეიცვლი

ალბათ ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ახალ სამსახურს გთავაზობენ, ან უბრალოდ ძველი გბეზრდება და ახლის ძებნას იწყებ.

ძირითად შემთხვევებში ძებნის პროცესი უსისტემოდ მიმდინარეობს. ხანდახან იმას ვჯერდებით, რასაც პირველივე ჯერზე შემოგვთავაზებენ, ან იმას, სადაც უკეთესი ხელფასი გველის. ზოგჯერ უბრალოდ არ ვიცით, რა გვინდა ახალი სამსახურისგან, რადგან ისიც კი არ გვაქვს გაანალიზებული, თუ რატომ არ მოგვწონს ძველი. ხანდახან გასაუბრებებზე გვავიწყდება სამუშაო ადგილის ყველა ის ასპექტი, რაც განაპირობებს კომფორტის შეგრძნებას, თვითაქტუალიზაციას და კმაყოფილებას. ხშირ შემთხვევებში ეს ასპექტები ზოგიერთი ადამიანისთვის ხელფასზე მნიშვნელოვანიც არის ხოლმე.

ბოლო დროს ხშირად მიწევს სამსახურში ადამიანების მიღება. შესაბამისად გასაუბრებებზე ხშირად ვარ დამქირავებლის როლში. მიკვირს, როდესაც კანდიდატებს ვთხოვ, დამისვან მათთვის საინტერესო შეკითხვები ვაკანსიის შესახებ, ისინი ძირითადად ჩუმად არიან, ან მხოლოდ სამუშაო დღის განრიგზე მეკითხებიან. ეს ხშირად მაფიქრებინებს, რომ მათთვის სულ ერთია, რა სამსახურს შესთავაზებენ, მთავარია ხელფასი იყოს დამაკმაყოფილებელი.

თუ ახლა სწორედ მსგავსი ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში, დაუსვი მომავალ დამქირავებელს ქვემოთ ჩამოთვლილი შეკითხვები. ამით გაიადვილებ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, არამედ სრულ ინფორმაციას მიიღებ ახალი სამსახურის შესახებ და თავიდან აიცილებ მოულოდნელ სიურპრიზებს. ასევე, დამქირავებლის თვალში უფრო ამაღლდები.

1. დრესკოდი

პირველად “საქართველოს ბანკში” რომ დავიწყე მუშაობა, ყველაზე მეტად დრესკოდთან შეგუება გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ Back-office-ში ვმუშაობდით, კლიენტებთან შეხება არ გვქონდა და შესაბამისად ჩვენზე არც ისე მკაცრი დრესკოდი ვრცელდებოდა, როგორც მაგალითად მოლარე-ოპერატორებზე, მაინც ხანდახან მთრგუნავდა ის, რომ მამაკაცების უმეტესობა ჰალსტუხით დადიოდა. დროთა განმავლობაში მთელი გარდერობის შეცვლა მომიწია. ამისთვის კი თავიდანვე არც ფული მქონდა და არც დრო.

სანამ ახალ სამსახურში გადახვალ, გამოიკვლიე იქ არსებული დრესკოდი და გადახედე საკუთარ გარდერობს. შესაძლოა სამსახურის შეცვლამ მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაღება მოითხოვოს.

2. შვებულება / დასვენების დღეები

ფინალურ გასაუბრებაზე, როდესაც შენი შეკითხვების დრო დადგება, კარგად გამოიკითხე დასვენების დღეების და შვებულებების შესახებ. მაგალითად ჩემთვის, ამერიკის საელჩოში მუშაობისას, ძალიან კომფორტული იყო ის, რომ შვებულებებს საათობრივად იძლეოდნენ. შემეძლო შვებულება მინიმუმ ნახევარი საათით ამეღო. ასევე ცალკე მიგროვდებოდა ავადმყოფობის შვებულება და როცა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, შემეძლო ეს საათები დამეხარჯა.

შესაძლოა მომავალ სამსახურში შვებულებების ასე ზუსტად აწყობილი სისტემა არ დაგხვდეს, მაგრამ ის მაინც გაარკვიე, წელიწადში რამდენი ხელფასიანი და უხელფასო შვებულების დღე გეკუთვნის. ასევე დააზუსტე ავადმყოფობის შვებულების (“ბიულეტენს” რომ ეძახიან”) საკითხი.

3. მივლინებები საზღვარგარეთ

ჩემმა ბიძაშვილმა ამას წინათ ახალი სამსახური იშოვა. ხელფასი არც ისე დიდი აქვს, მაგრამ რასაც მიყვება, იქიდან ვხვდები, რომ ხშირად მოუწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა. თუ მოგზაურობა გიყვარს და საზღვარგარეთ მივლინებები შენთვის მნიშვნელოვანი თემაა, გამოიკითხე, გექნება თუ არა ამის შესაძლებლობა ახალ სამსახურში. ზოგისთვის დაბალ ხელფასიანი სამსახურიც მისაღებია, თუ ხშირად მოგზაურობა მოუწევს.

4. ტრენინგები / სტაჟირებები

კიდევ ერთი საკითხი, რაც კარგად უნდა გაარკვიო, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებია. არავის სურს ახალ სამსახურში პროფესიულად გაიყინოს. თუ შენთვის ეს მნიშნელოვანია, საკითხი გასაუბრებაზევე აუცილებლად წამოჭერი.

5. ხელფასის ზრდის პერსპექტივა / საბონუსე სისტემა

იმ იმედით, რომ ხელფასი ყოველწლიურად გაიზრდება, შეიძლება თავიდან ნაკლებ ხელფასიან შემოთავაზებასაც დასჯერდე.

ასევე საინტერესოა ბონუსების სისტემაც. ზოგ კომპანიაში მიღებულია მეცამეტე ხელფასი, რომელსაც ყველა თანამშრომელი წლის ბოლოს იღებს. ზოგან კი ბონუსი დამსახურების ან გამომუშავების მიხედვით ერიცხებათ. ჩემს ერთ ახლობელს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, წლის ბოლოს ბონუსად ხელფასის ხუთმაგი ოდენობა ჩაურიცხეს.

6. სამუშაო დღე / შესვენება / ზეგანაკვეთური მუშაობა

აუცილებლად გამოიკითხე, რომელ საათზე იწყებს კომპანია მუშაობას და რომელზე ამთავრებს; კვირის რა დღეებში ისვენებს; სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლებს აქვთ თუ არა შესვენება და რამდენი ხანი.

ასევე საინტერესოა, იხდის თუ არა კომპანია ზეგანაკვეთური მუშაობისთვის (overtimes) დამატებით თანხებს.

7. დაზღვევა / საპენსიო ფონდი

როგორც წესი, თითქმის ყველა ღირსეულ ორგანიზაციას აქვს თანამშრომლებისთვის დაზღვევა და საპენსიო ფონდი. თუმცა აქაც არის განსხვავებები პაკეტებში. მომავალი სამსახურის არსებულთან შესადარებლად სრული ინფორმაციის წინასწარ მიღება სულაც არ იქნება უსარგებლო.

8. ტიპური სამუშაო დღე

შენთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს პასუხი შეკითხვაზე: “როგორი იქნება ჩემი ტიპური სამუშაო დღე?”

გაიგე, რას მოელის დამქირავებელი შენგან და შეესაბამება თუ არა მისი მოლოდინები შენს წარმოდგენებს ამ ვაკანსიასთან დაკავშირებით. პასუხის მოსმენისას შეიძლება აღმოაჩინო ისეთი დეტალები, რაზეც ვაკანსიის განაცხადში საერთოდ არ ეწერა და შენც ვერასდროს წარმოიდგენდი, თუ ეს შენს მოვალეობებში შევიდოდა.

9. სატელეფონო საუბრების ანაზღაურება / კორპორატიული მანქანა

თუ ისეთი პროფესია გაქვს, რომ ყოველდღე ბევრ ხალხთან გიწევს ურთიერთობა და შეხვედრები, სატელეფონო საუბრების ანაზღაურება და კორპორატიული მანქანის მომსახურება აქტუალური გახდება.

თუ საკუთარი მანქანა გყავს, შეგიძლია ბენზინის ტალონების საკითხი მაინც გაარკვიო.

10. კვება

ძალიან ძნელია, როდესაც ყოველ დღე ლანჩის დროს იმაზე ფიქრი გიწევს, სად იკვებო. სანამ სამსახურს შეიცვლი, გაარკვიე, როგორ არის მოგვარებული თანამშრომელთა კვების საკითხი. თუ ახალი სამსახურის შენობაში ადგილობრივი ბუფეტი ან სასადილო არ არსებობს, გამოიკვლიე ოფისის შემოგარენში სად შეიძლება კვება და როგორი ფასებია, ანუ რა დაგიჯდება საშუალოდ ყოველ დღე გარეთ სადილობა.

11. გუნდი

თბილისი პატარა ქალაქია. ხანდახან ისე ხდება, რომ ახალ ორგანიზაციაში მისულს, ისეთი ადამიანები გხვდებიან, რომლებთან ერთად მუშაობასაც სიკვდილი გირჩევნია, ან პირიქით – ბევრი მათგანი ნაცნობი და მეგობარი აღმოჩნდება.

სანამ ახალ შემოთავაზებას ბრმად დათანხმდები, ვფიქრობ, სულაც არ არის სასირცხვილო, გამოიკვლიო კიდევ ვინ და რამდენი ადამიანი მუშაობს იმ დეპარტამენტში/ორგანიზაციაში, სადაც შენ ყოველდღე დროის უმეტესი ნაწილის გატარება მოგიწევს; ვის რა ფუნქცია აკისრია; ვინ იქნება შენი უშუალო უფროსი; ვინ არიან მისი დაქვემდებარებული შენს გარდა; რა ადგილი უჭირავს შენს მომავალ პოზიციას ორგანიზაციულ სტრუქტურაში;

ამგვარი კვლევა ფინალურ გასაუბრებაზე შეგიძლია ჩაატარო და თანამშრომლების სახელები ფრთხილად გამოკითხო. მომავალი თანაგუნდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია Linkedin-ზე მოიძიო ან ნაცნობებში გაიკითხო.

12. უახლოესი ცვლილებები

როდესაც ორგანიზაციას ახალი თანამშრომლები აჰყავს სამსახურში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იგი იზრდება და ვითარდება. შესაბამისად შესაძლებელია, მომავალში რაიმე ცვლილებებიც იგეგმებოდეს. მაგალითად – ოფისის შეცვლა. გამოკითხე დამქირავებელს, უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებენ სადმე გადასვლას და ზოგადად, რამდენად ხშირად იცვლიან ოფისს.

თუ ორგანიზაციას ბევრი ფილიალი აქვს, გაარკვიე კონკრეტულად რომელ მათგანში მოგიწევს მუშაობა.

13. შრომის შეფასების სისტემა

შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კონკრეტული თანამშრომლის შრომის შეფასება, სულაც არ არის უხერხული და დასაძრახი. ყველა ორგანიზაციას თავისი შეფასების სისტემა აქვს. ბანკებში, ფინანსურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს სისტემა უფრო დახვეწილი და ზუსტია. პატარა კომპანიებში კი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს.

გაითვალისწინე, რომ ხშირად ხელფასის ზრდა და ბონუსები სწორედ შეფასებაზეა დამოკიდებული.

14. შიდა კომუნიკაცია / თანამშრომლებზე ზრუნვის სქემა

შიდა კომუნიკაციის მოდელი ერთი შეხედვით ბუნდოვანი თემაა, მაგრამ საინტერესო. ზოგ კომპანიაში ყველა თანამშრომელს შეიძლება კორპორატიული იმეილი და შიდა ოფისის ტელეფონიც კი არ ჰქონდეს. გაარკვიე რა შიდა კომუნიკაციის საშუალებები გექნება, თუ ამ ორგანიზაციის წევრი გახდები.

ასევე გამოიკვლიე შიდა პიარის მუშაობა. ზოგი კომპანია თანამშრომლებს მათსავე დაბადების დღეებზე ფულად პრემიას აძლევს. ასევე ზოგან მიღებულია თანამშრომლების საჩუქრებით განებივრება ახალ წელს, აღდგომას და განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, დაქორწინებისას ან შვილის შეძენისას).

მართალია, ასეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება შეიძლება გასაუბრებაზე ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ თუ ასეთ ინფორმაციას რომელიმე ნაცნობი თანამშრომლიგან გაიგებ, არც მწვადს დაწვავ და არც შამფურს.

15. კონკურენტული უპირატესობები

და ბოლოს, ზოგადი შეკითხვა რაც პოტენციურ დამქირავებელს შეგიძლია დაუსვა:

რა აიძულებთ ადამიანებს დარჩნენ ამ კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში? რა გამოარჩევს ამ კომპანიას, როგორც დამქირავებელს, კონკურენტებისგან?

 

6 თვე მეცხრე არხზე

რამდენიმე დღეში ზუსტად 6 თვე შესრულდება, რაც მეცხრე არხზე დავიწყე მუშაობა. ვერც კი გავიგე, ეს დრო ასე უცებ როგორც გავიდა.

ტელევიზიაში აქამდე არ მიმუშავია. თავიდან რომ მოვედი, მეგონა, რომ დიდ გაუგებრობაში მოვხვდი: არა ნორმირებული სამუშაო დღე, ყველა გადარბენაზე, მკაცრი დედლაინები, ერთ დღეში მოფიქრებული და განხორციელებული იდეები, ბოლო წუთს შეცვლილი გადაწყვეტილებები… ასეთი სტრესი სხვა სამსახურებში არ მქონია. თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

 ნათია ლაზაშვილმა 30 აპრილს ეთერში გაიყვანა “მეცხრე არხი” 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით. საინფორმაციოს დასრულებას ნიუსრუმი ოვაციებით ხვდება.

ძნელია გაიხსენო 6 თვით ადრე მომხდარი მოვლენები, ქრონოლოგიურად, დეტალურად, ემოციურად, თუმცა არის რაღაცები, რაც არასდროს დამავიწყდება. ადამიანები, მოვლენები, სიტუაციები… ისეთი მრავლის მთქმელი და დაუვიწყარი, რომ ალბათ ყოველ დღე რომ მეწერა დღიურები მათ შესახებ, მაინც ბოლომდე ვერ გამოვთქვამდი… ჩემს აღფრთოვანებას, ჩემს ემოციებს, ჩემს აღტკინებას, ხანდახან იმედგაცრუებებსა და დაღლილობას, ხანდახან კი უსაზღვრო ბედნიერებას.

 საცდელი მაუწყებლობის პირველი დღე. საღამოს ათი საათი. დაღლილ-დაქანცულები ეზოში შამპანურით და ტორტით აღვნიშნავთ საცდელ ეთერში გასვლას.

მეცხრე არხში მარკეტინგის დეპარტამენტი მაბარია. ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც “მეცხრე არხის” ბრენდს და შეფუთვას შეეხება. როგორც ეთერში, ისე ონლაინ და offline პლატფორმებზე.

პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ საქმე იმდენად საინტერესო და ისეთ დიდ გამოცდილებას ვიღებ, რომ არ მეშინია არაფრის. არც გრძელი სამუშაო საათების (ყოფილა შემთხვევა დილის 5 საათზე გავსულვარ ოფისიდან), არც დროებითი წარუმატებლობების.

ვთვლი, რომ ტელევიზიაში მუშაობამ ძალიან გამზარდა. ამ ხნის განმავლობაში გავაკეთე ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რაღაცები, რაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ 25 წლის გოგოს შეეძლო ან ანდობდნენ. ხანდახან უკან რომ ვიხედები, ახლაც მიკვირს, როგორ მოვაღწიე აქამდე, რაც მთავარია, ცოცხალმა და ჯანმრთელმა. და თითქოს ნერვებიც ჯერ კიდევ მთელი მაქვს.

ძალიან რთული ყოფილა ტელევიზიის აწყობა. ჩვენ კი თითქმის შეუძლებელი შევძელით. თითქმის 24 საათიანი რეჟიმის და ენით აღუწერელი შრომის წყალობით 2 თვეში საცდელი მაუწყებლობა ჩავრთეთ.

თავიდან იყო დღეები, როდესაც რამდენიმე დეპარტამენტის საქმესაც კი ვითავსებდი. ჩემს განყოფილებაშიც არ მყავდა საკმარისი ადამიანები, ვისაც ნაწილ საქმეებს გადავაბარებდი. ახალი ადამიანების აყვანასაც დრო და ძალისხმევა სჭირდება. სანამ შეეგუებიან ახალ გარემოს, სანამ ჩაჯდებიან ორგანიზაციის კალაპოტში. შეუძლებელია, აიყვანო თანამშრომელი და მან მეორე დღესვე ჩამოგაცილოს გარკვეული საქმეები. ახალი თანამშრომლების ორგანიზაციაში ინტეგრირებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. მითუმეტეს, თუ კრეატიული საქმის კეთება უწევთ.

ხანდახან გადაღლილობისგან, უდროობისგან და უამრავი საქმისგან სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ, ბევრჯერაც მიტირია და ასეთი ჩანაწერებიც მიკეთებია სამუშაო ბლოკნოტში:

მაგრამ ყოველთვის ვიხსენებდი, რომ ძლიერი, მიზანდასახული, ჭკვიანი და წარმატებული ვარ. რომ სასოწარკვეთა არ შემეფერება. ამიტომ თავს მაღლა ვწევდი და ამის შემდეგ ყოველთვის ვპოულობდი გამოსავალს.

ძალიან მეხმარებოდნენ თანამშრომლები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მეგობრებად იქცნენ. მადლობა თითოეულ მათგანს!

image

ასევე ძალიან მეხმარებოდა ბუნებასთან ურთიერთობა. ბედად ტელევიზიის ახლანდელ შენობას კარგად გამწვანებული ეზო აქვს, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ულამაზესი ყვავილები ყვავიან. ხშირად გავდიოდი გარეთ ყავის ჭიქით ხელში.

გარდა იმისა, ვიზუალურადაც შევიცვალე. გავხდი ვეგეტარიანელი, დავიკელი 5 კილო, შევიცვალე ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი.

ეს არის ექვსი თვის წინანდელი ფოტო:

ეს არის გუშინწინდელი ფოტო:

ტელევიზიამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და უდიდესი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე.

მეცხრე არხი – ეს ერთი დიდი ოჯახია, ყველაზე მამაცი, გულწრფელი, თავგანწირული და სამართლიანი ადამიანები… და მადლიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრად ვითვლები.

Pink.ge – ჩემი ახალი პროექტი

Pink.ge ჩემი ახალი წამოწყებაა. ეს არის ონლაინ ჟურნალი – ქალებზე, ქალებისთვის, ქალებისგან (და არა მარტო ;) ). ვებ-გვერდი ოფიციალურად 2 კვირაა რაც გაეშვა და უკვე ყოველდღიურად 300-ზე მეტ უნიკალურ ვიზიტორს მასპინძლობს!

რაც მთავარია, მასში მონაწილეობა ყოველ თქვენგანს შეუძლია! ამისათვის უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

ჩემი ღრმა რწმენით, Pink.ge ნიჭიერ ავტორებს და ბლოგერებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები ჯანმრთელობის, სილამაზის, სიყვარულის, სექსის, კარიერისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

Pink.ge-ს ავტორობა სასარგებლოა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში (და ვინ იცის, რამდენი გამომრჩა!):

  • თუ თქვენი ბლოგი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვისაა და ცოტა მკითხველი ჰყავს, თქვენ კი მეტის მოზიდვა გსურთ;
  • თუ თქვენ დამწყები/სტუდენტი ჟურნალისტი ხართ და გსურთ ფეხი მოიკიდოთ გასართობ-შემეცნებით ჟურნალისტიკაში;
  • თუ გჭირდებათ გამოქვეყნებული პუბლიკაციები რეზიუმეში მისათითებლად;
  • თუ გსურთ მკითხველის გემოვნებაზე და მოთხოვნებზე დაკვირვებების წარმოება;
  • თუ ორიგინალური იდეები გაქვთ და მათ გასახორციელებლად ფართო აუდიტორია გჭირდებათ;
  • თუ გსურთ პოპულარული გახდეთ სასარგებლო სტატიების ავტორობით;
  • თუ ოდესმე ჟურნალის რედაქციაში გსურთ მუშაობა (ან რედაქტორობა);
  • თუ წამახალისებელი პრიზების მოგება გიყვართ;
  • თუ საინტერესო იდეებისთვის ჰონორარის მიღება გსიამოვნებთ;
  • თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ და თვითგამოხატვის სურვილი გკლავთ;

Pink.ge-ზე შესაძლებელია გახდეთ ავტორი, რედაქტორი, მესვეტე, ბლოგერი, ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, მხატვარი, ვიდეობლოგერი, ან ის, რაც თავად გსურთ, რომ გახდეთ და აკეთოთ ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გეხერხებათ.

Pink.ge ძალზედ ახალგაზრდა წამოწყება, მაგრამ გულწრფელად მჯერა მისი მომავლის. მისი განვითარების უამრავი გზაც მოფიქრებული მაქვს. მათ განხორციელებას კი თქვენი დახმარებით შევძლებ.

შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ ქართველი ქალების მომავალი საწყისი გვერდი ინტერნეტში. :)