Career Tips

რამდენს ვმუშაობთ?

დაფიქრდი, რამდენ საათს მუშაობ ყოველ დღე? 8? 9? 10? ძალიან კარგი.

ახლა, უფრო კარგად დაფიქრდი და გულწრფელად უთხარი საკუთარ თავს, რამდენ საათს მუშაობ რეალურად? რამდენ დროს ატარებ ოფისში ან კომპიუტერთან და რამდენი საათია აქედან ნამდვილად პროდუქტიული? 6? 5? იქნებ 4?

დაახლოებით 3 წელია, რაც RescueTime-ის გამოყენება დავიწყე და ყურადღებას ვაქცევ ჩემი შრომის ნაყოფიერებას. მას შემდეგ ვცდილობ, ჩემს მიერ კომპიუტერთან გატარებული დრო მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. სინდისი იმ შემთხვევაში მაწუხებს, თუ RescueTime-ის მიხედვით ჩემი PP (“პროდუქტიულობის პულსი”) დღის განმავლობაში 65%-ზე ნაკლებია. როდესაც ენერგიისგან ვიცლები, ვცდილობ გარეთ გავიდე, ვივარჯიშო ან სოციალურ აქტივობებში ჩავერთო. კომპიუტერთან უქმად გატარებული დრო შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელს აქვეითებს.

ამ ხნის განმავლობაში ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.

როგორც წესი, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, როცა 8-9 საათს ვმუშაობ, 75%-იანი PP მაქვს. იმ განსაკუთრებულ დღეებში, როცა 89-90% პროდუქტიულობას ვაღწევ, კომპიუტერთან 8 საათზე ნაკლები მაქვს გატარებული. ისეც ხდება, რომ გამონაკლის დღეებში სამუშაო საათების რაოდენობა 10-ზე მეტია და პროდუქტიულობაც 80%-ზე უფრო მაღალია, თუმცა ასეთი დღეების შემდეგ ვერასოდეს ვაღწევ 65%-ზე მეტ PP-ს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი?


მეტისმეტი მუშაობა არ ნიშნავს მეტისმეტ პროდუქტიულობას და ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც კვირაში 49-54 ან მეტ საათს მუშაობენ, დამბლის დაცემის 33%-ით მეტი შანსი და გულის თრომბული დაავადებების განვითარების 13%-ით მეტი შანსი აქვთ. დაბალ-შემოსავლიანი მუშაკებისთვის 55+ საათიანი სამუშაო კვირა მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებსაც ზრდის. გარდა ამისა, ბევრი მუშაობის შემდეგ თანამშრომლები მეტისმეტად მიდრეკილი ხდებიან ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებისკენ, დეპრესიისკენ და ქრონიკული უგუნებობისკენ.

2014 წლის DeskTime-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომუშავე ადამიანების ყველაზე პროდუქტიული 10%, სულაც არ მუშაობს სხვებზე მეტს. უფრო მეტიც, ისინი დღეში 8 საათზე ნაკლებს მუშაობენ. აღმოჩნდა, რომ პროდუქტიულობა სულაც არ არის ოფისში ან კომპიუტერთან გატარებული საათების რაოდენობის პროპორციული. მისი მთავარი გასაღები შესვენებების რაოდენობაში ყოფილა. კვლევის დროს შესწავლილი ჯგუფის წევრები (ეფექტიანი ტოპ 10%) საშუალოდ ყოველ 52 წუთის შემდეგ 17 წუთით ისვენებდნენ.

სტენფორდის კვლევების მიხედვით, სამუშაო საათების დამატება სულაც არ ზრდის შრომის ნაყოფიერებას. პირიქით, კვირაში 50 საათიანი მუშაობის შედეგ პროდუქტიულობა მკვეთრად იკლებს. მეტისმეტი მუშაობა საზიანო გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე. მოუწესრიგებელი ძილი კი თავის მხრივ ამცირებს შრომის ნაყოფიერებას. 2013 წლის ჰარვარდის კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობის გამო შემცირებული პროდუქტიულობის ხარჯზე ამერიკულმა კომპანიებმა $63,2 მილიარდის ღირებულების ზარალი ნახეს.

შრომის ნაყოფიერებაზე დადებითი გავლენა აქვს დასვენებას. 2006 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული ფირმის, ერნსტ&იანგის შიდა კვლევის მიხედვით, თანამშრომლების მიერ აღებული შვებულების ყოველ დამატებით 10 საათზე, მათი წლის ბოლოს მიღებული შრომის შედეგების შეფასება 8%-ით გაუმჯობესდა. იგივე კვლევის მიხედვით, ხშირი “დამსვენებლები” უფრო იშვიათად ტოვებდნენ კომპანიას ვიდრე ისინი, ვინც უფრო იშვიათად იღებდა შვებულებას.


2014 წელს Salary.com-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დასაქმებული ადამიანების 89% სამუშაო დღის უდიდეს ნაწილს უქმად ფლანგავს. არაპროდუქტიულ აქტივობებს სამუშაო დღის დაახლოებით 25% ეთმობა. აქედან – 12% ისეთი არაპროდუქტიული აპლიკაციების მოხმარებაში იფლანგება, როგორიცაა Facebook, twitter და Youtube (უფრო დეტალური სტატისტიკა).

კვლევებით ისიც გამოირკვა, თუ ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ დროს არასამსახურეობრივ აქტივობებზე. “მილენიალები”, ანუ ის ამერიკელები, რომლებიც 1982-2004 წლებში დაიბადნენ და ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში გაიზარდნენ, სამსახურში დღეში საშუალოდ 2 საათს ფლანგავენ. მათ ინტერნეტის მოხმარების მეტი მოთხოვნილება აქვთ. განსხვავებით წინა თაობებისგან, მათთვის ასევე აღარ არსებობს “სამსახურის” და “სახლის” გაყოფილი ცნებები, არამედ აუცილებელია, ეს ორი სივრცე იდეალურად დაბალანსებული იყოს (და თანაც – მთელი დღის განმავლობაში). “მილენიალებს” მიაჩნიათ, რომ მათ მეტი უფლება აქვთ სამსახურში დრო პირად ცხოვრებას დაუთმონ, რადგან ხშირად პირიქითაც იქცევიან – სახლში მიაქვთ სამუშაო.

2013 წლის მონაცემებით, სამუშაო დროის გაფლანგვის მიზეზები შემდეგია:

  • 34% ვერ ხედავს გამოწვევას სამსახურში
  • 34% ამბობს, რომ სამუშაო საათები მეტისმეტად გრძელია
  • 32% ამბობს, რომ უფრო გულმოდგინედ მუშაობისათვის მოტივაცია არ აქვს
  • 30% სამსახურით უკმაყოფილოა
  • 23% უბრალოდ მოწყენილია
  • 18% ამბობს, რომ დროის ფლანგვა დაბალი ხელფასების ბრალია.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სამყარო კიდევ უფრო დაკავშირებული გახდა. გახშირდა დისტანციური სამუშაო ადგილები და სტარტაპები, რომლებსაც მთელს მსოფლიოში გაფანტული, ონლაინ მომუშავე თანამშრომლები და გუნდები ჰყავთ.

მენეჯერები, რომლებსაც სხვა ადამიანების მართვა უწევთ, დაბნეულები არიან. ბიზნეს სამყაროს არსებული პარადიგმები, მენეჯმენტის პრაქტიკები, ოფისების მოწყობის სპეციფიკა, სამუშაო კონტრაქტების არსებული პირობები და ინტერნეტის საყოველთაო, მობილური ხელმისაწვდომობა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები იმდენს აღარ მუშაობენ რამდენსაც ადრე, ან შესაძლოა ახლა უბრალოდ უკეთ არის შესაძლებელი შრომის ნაყოფიერების მონიტორინგი. რეალობა კი ესაა: არ არსებობს ხელსაწყო, პროცესების ერთობლიობა ან ეფექტური ორგანიზაციული პოლიტიკა, რომელიც აიძულებს მათ, სამუშაო დღის განმავლობაში უფრო მეტი იმუშავონ.

დღეს ჩვენ ვმუშაობთ ზუსტად იმდენს, რამდენიც გვსურს.მენეჯმენტის მხრიდან ყოველგვარი კონტროლის მცდელობა მხოლოდ გაღიზიანებას და პროტესტის გრძნობას იწვევს.

შრომის ნაყოფიერების მართვა თანამედროვე ბიზნესის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მის დასაძლევად ყველა მაღალი რგოლის მენეჯერმა საკუთარ თავს და კოლეგებს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვას:

  • როგორ უნდა დავზოგოთ ორგანიზაციის სახსრები და წავაქეზოთ თანამშრომლები, მეტად პროდუქტიულები იყვნენ?
  • უნდა გავზომოთ თუ არა თანამშრომლების შრომა მათ მიერ ოფისში ან კომპიუტერთან გატარებული საათებით?
  • საჭიროა თუ არა ოფიციალური 8 საათიანი სამუშაო დღე, თუკი იგივე შედეგის მიღება ნაკლებ დროშიც შეიძლება?
  • როგორ გავზომოთ შრომის ნაყოფიერება?
  • როგორ წავახალისოთ განსაკუთრებულად პროდუქტიული თანამშრომლები?

ეს ჩემი დღევანდელი დღის პროდუქტიულობის მაჩვენებელია. თქვენ როგორ გაატარეთ კვირა დღე? :)

Screen Shot 2016-06-05 at 23.44.01

ბედნიერების გასაღები, ანუ რაში გვჭირდება ფეიერვერკები

Celebrate-Life-LR

ხშირად, როცა ფეიერვერკებს ვუყურებ, გულში ცოტათი სინანული შემეპარება ხოლმე: “რა საჭიროა ასეთი ფუჭი დანახარჯები, როცა ამ ფულით უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა?” აი, ამას ვფიქრობ, შემდეგ კი საკუთარ თავს ვტუქსავ, რადგან ფეიერვერკებიც, ბუშტებიც, შუშხუნებიც, კონფეტიც, ვარდის ფურცლებიც, შამპანურიც, ყვავილებიც და ყველაფერი, რაც დღესასწაულების აღნიშვნასთან არის დაკავშირებული, აუცილებელზე უფრო აუცილებელია!

“საქართველოს ბანკში” მუშაობის დროს ჩემმა უფროსმა და ბრენდის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – საშა კაცმანმა – მასწავლა ერთი კარგი გაკვეთილი და რასაც დღემდე, კვირაში ერთხელ მაინც, ვიხსენებ და მადლიერების გრძნობით ვივსები:

არასოდეს მოეკიდო ახალ საქმეს ნაჩქარევად, სანამ მიღწეულ წარმატებას საკადრისად არ იზეიმებ!

ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიტყვები იმიტომ არის, რომ სულმოუთქმელი ადამიანი ვარ – ყველაფერი ერთბაშად და ჩქარა მინდა. ამის  გამო ხშირად საკუთარ წარმატებებს უგულებელვყოფ, არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით და ერთი პროექტის დასრულებისთანავე, სასწრაფოდ გადავდივარ ახალზე.

ეს ერთდროულად კარგი თვისებაცაა და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ შემიძლია სიახლეებში თავიდან ფეხებამდე გადავეშვა და ახალი პროექტის დასრულებისთვის თავაუღებლად ვიმუშაო. ცუდი კი იმიტომ არის, რომ მიღწეული წარმატებების უღიარებლობის გამო ხშირად თვით-შეფასება მიქვეითდება და დეპრესიული განწყობა მიტევს ხოლმე.

სინამდვილეში კი, აი, როგორ უნდა მოვიქცეთ:

თითოეული ცხოვრებისეული პროექტის შემადგენელი ელემენტის დასრულებისთანავე აუცილებელია ამოსუნთქვა, განზე გადგომა და შესრულებული სამუშაოსთვის შორიდან შეხედვა. თუ საჭიროა – შამპანურიც უნდა გავხსნათ და ცაში ფეიერვერკიც გავუშვათ, რადგან სწორედ ასეთ წუთებში გვიპყრობს სიხარულის ეიფორია, ვხვდებით, რომ ჩვენს ქმედებებს რაღაც აზრი ეძლევა და ტყუილ-უბრალოდ არ გვიღვაწია. წუთშესვენება ჩვენს გონებასაც ეხმარება “გადარესტარტებაში” და ახალ პროექტებს ახალი იდეებით და შთაგონებებით ვეჭიდებით.

ჩემს გარშემო მინახავს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ და არასდროს მიდიან სამოგზაუროდ. ერთი საქმიდან სასწრაფოდ მეორეზე გადადიან და თითქოს საფიქრალიც არასდროს ელევათ. არადა, იმის შეგრძნება, რომ ვიშრომეთ და შემდეგ დასვენებაც დავიმსახურეთ, ჩვენს მწარმოებლურობაზე და ეფექტიანობაზე საოცრად მოქმედებს.

საკუთარი წარმატების აღნიშვნა ბედნიერების ის ერთ-ერთი გასაღებია, რომელიც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ უპოვია. ამ ადამიანებში მეც ვარ – ძალიან მიჭირს ჩემი მიღწევების ადეკვატურად შეფასება და ამისათვის საკუთარი თავის დაჯილდოვება – თუმცა ყოველმხრივ ვცდილობ, გამოვსწორდე.

მართლაც, განა რისთვის გვინდა ნებისმიერი მიზანი ან მისკენ მიმავალ გზაზე სიარული, თუკი მისით ტკბობას არ ვისწავლით?

1 წელი ევროპაში

It’s official! 2014-1015 სასწავლო წელს ჰოლანდიაში, ქალაქ გრონინგენში გავატარებ.

ALRAKIS II ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამაა, რომლის დახმარებითაც მოვიპოვე 10 თვიანი სტიპენდია და შემიძლია 2 სემესტრის განმავლობაში გრონინგენის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დავასრულო ჩემი მაგისტრატურა, რომელიც აქ, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში დავიწყე.

გრონინგენის უნივერსიტეტის ისტორიული შენობა

როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში?

შარშან შემოდგომაზე CU-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ერასმუსის რამდენიმე გაცვლითი პროგრამის შესახებ. გადავწყვიტე ბედი მეცადა და ჩავაბარე TOEFL-ის გამოცდა, რომელიც ყველა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა. აპლიკაცია სამ მათგანში – MID, ALRAKIS II და HUMERIA – გავაგზავნე.

თავიდან სამივე პროგრამამ უარი შემომითვალა და რეზერვების სიაში ჩამსვა. მეგონა ეს შედეგი საბოლოო იყო და აღარაფერი მეშველებოდა, მაგრამ თურმე რეზერვში მოხვედრაც დიდი კონკურენციის დამარცხებას ნიშნავს.

საბოლოო პასუხების გამოცხადებიდან 2 კვირაში ALRAKIS II-ის კოორდინატორმა მომწერა, რომ რეზერვიდან შერჩეულების სიაში გადამიყვანეს და 10 თვიანი სტიპენდია დამინიშნეს გრონინგენის უნივერსიტეტში სასწავლებლად.

alrakis

მოლოცვის წერილი. მაჯისცემა 120.

ეს წერილი 1 თვის წინ მივიღე, თუმცა ჯერ კიდევ მახსოვს, მისი წაკითხვით გამოწვეული ემოციები. სახლში მე და დედაჩემი ვიყავით. ის ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ოთახში ყურებამდე გახეული ღიმილით შევვარდი და სული ძლივს მოვითქვი, რომ ამომეღერღა: “გრონინგენის უნივერსიტეტმა მიმიღო!”

ამის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და შევუდექი დეტალების გარკვევას.

  • მოვაგროვე საბოლოო საბუთები;
  • დავრეგისტრირდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე;
  • დავჯავშნე ოთახი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში;
  • შევუკვეთე TOEFL-ის ტესტის პასუხების ოფიციალური დოკუმენტი (თუკი ამ ტესტს ოდესმე ჩააბარებთ, აუცილებლად თავიდანვე შეუკვეთეთ თქვენთვისაც);
  • გავარკვიე ვიზის საკითხები, რომელსაც თურმე მთლიანად უნივერსიტეტი მიგვარებს;
  • დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა გავანაწილო სტიპენდია, რაც €1000 შეადგენს. პროგრამის დაფინანსებაში მგზავრობა, სწავლა, დაზღვევა და სტიპენდია შედის. შესაბამისად საცხოვრებლის ფული სტიპენდიიდან გამომექვითება;
  • ჩუმ-ჩუმად დავიწყე ევროპის იმ ქვეყნების Google Map-ზე დათვალიერება, რომელთა ნახვაც ყოველთვის მინდოდა;
  • დავიწყე სიის ჩამოწერა, თუ რა საქმეები მაქვს მოსამთავრებელი, სანამ ერთი წლით გავემგზავრები – როგორიცაა, მაგალითად, მეგობრებისთვის წიგნების დაბრუნება, სტომატოლოგთან ვიზიტი და დიჯიპასის აღება ინტერნეტ ბანკისთვის.
გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

გრონინგენის უნივერსიტეტი -ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შენობა

რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

არსებობს ორი ტიპის პროგრამა – გაცვლითი (exchange) და სადიპლომო (degree).

გაცვლითი პროგრამა ნიშნავს ერთი ან ორი სემესტრის გატარებას რომელიმე სხვა უნივერსიტეტში (მასპინძელი), იმის მაგივრად სადაც ჩააბარე (მშობლიური). მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების კრედიტები მშობლიური უნივერსიტეტში გავლილად გეთვლება და წელი არ გეკარგება. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას დიპლომს იღებ მშობლიური უნივერსიტეტიდან და სწავლის საფასურსაც ჩვეულებრივად საქართველოში იხდი იმ საგნებზე, რომლებიც გინდა რომ ჩაგეთვალოს. განსხვავება ისაა, რომ საგნებს სწავლობ უცხოეთში და სტიპენდიის დამსახურებით პრაქტიკულად უფასოდ ცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი უნივერსიტეტი დიპლომს არასდროს იძლევა, მსგავსი პროგრამები ბევრ სტუდენტს იზიდავს და კონკურენცია მაღალია.

სადიპლომო პროგრამა ნიშნავს მთლიანი სასწავლო კურსის უცხოურ უნივერსიტეტში გავლას და იქაურ დიპლომს. სწავლის საფასურს არ იხდი და სტიპენდია, როგორც წესი, ასეთი პროგრამებზე იშვიათად ცხადდება, მასში მოხვედრა უფრო რთულია და კონკურენციაც გაცილებით მაღალია.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

გრონინგენი ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ზამთარში არხებში წყალიც კი იყინება.

როგორ მოხვდე ერასმუსში?

მე რადგან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, მოგიყვებით, რა არის საჭირო მასში მოსახვედრად:

  1. სურვილი, რაც იმედია უკვე გაქვს, თუკი ამ პოსტს კითხულობ;
  2. დრო – იმისათვის, რომ მოძებნო სასურველი პროგრამები, მოაგროვო საბუთები და შეავსო აპლიკაციები;
  3. TOEFL-ის (ან IELTS) გამოცდის ჩაბარება – სასურველია 90 ქულაზე მეტის მიღება 120-დან (მე ავიღე 111);
  4. აუცილებელია უკვე ირიცხებოდე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე;
  5. აუცილებელია მინიმუმ 1 წელი გქონდეს დარჩენილი სწავლის დასრულებამდე.

ერასმუსის პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზეც იხილოთ და დაელოდოთ მომდევნო წლისთვის ახალ კონკურსებს.

გამგზავრებასთან და სხვა ემოციებთან დაკავშირებით მომდევნო პოსტებში დავწერ.

პროფესია: PR ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა [რესურსები და სასარგებლო რჩევები]

keep calm and hire a PR agency

ამ სტატიის დაწერაზე როცა ვფიქრობდი, არ მინდოდა “პიარის დღეების  ქრონიკა” გამომსვლოდა, არც “პიარის უახლესი ისტორია”, ამიტომ გადავწყვიტე, პატარა “სახელმძღვანელო” გამეკეთებინა იმ გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, ვისაც, თუნდაც ტელევიზორში, თვალში მოხვედრია პიარის სფეროს რომელიმე წარმომადგენელი და შთაგონებულს უფიქრია:

  • რა პროფესიაა პიარი?
  • როგორ დავეუფლო ამ პროფესიას საქართველოში?
  • როგორ გავხდე მასავით წარმატებული?

საზოგადოებასთან ურთიერთობა, ანუ პიარი, საზოგადოებასა და ორგანიზაციებს (ან ინდივიდებს) შორის ინფორმაციის გავრცელების/მიმოცვლის მენეჯმენტის პრაქტიკაა, ” – გვეუბნება 1984 წლის განმარტება.

პიარი შედარებით ახალგაზრდა პროფესიაა. ისევე როგორც ყველაფერი ახალი, საქართველოში პიარის აღქმაც ხანდახან მახინჯ ფორმებს იღებს. ზოგჯერ კომპანიები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ცნობილ ადამიანებს ან ჟურნალისტებს ნიშნავენ. მჯერა, რომ ისინი თავის საქმის პროფესიონალები და ზოგადად წარმატებული ადამიანები არიან, თუმცა ხანდახან ეს არ უზრუნველყოფს მათი პიარ საქმიანობის წარმატებასაც.

პიარ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს საბაზისო განათლება ბიზნესში, კომუნიკაციებში, მარკეტინგში ან მინიმუმ გავლილი ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული პროგრამა. განათლების მიღება ამ სფეროში სავსებით შესაძლებელია ჩვენივე ქვეყნის ფარგლებში.

თუ გინდა, რომ პიარის სპეციალისტი გახდე, შეგიძლია ორი სტრატეგია გამოიყენო:

  1. აიღო ბიზნესის ბაკალავრის დიპლომი, რაც მოგცემს ფუნდამენტურ განათლებას ბიზნესში. ბაკალავრიატის შემდეგ კი შეგიძლია გაიარო პიარის სასერტიფიკატო კურსები ან მაგისტრატურა კომუნიკაციების განხრით. BBA პიარის სპეციალისტისთვის საჭირო ცოდნას ნამდვილად იძლევა, მომავალში კი, თუ პროფილის შეცვლას მოისურვებ, ზოგადი მიმართულების განათლება ამის შესაძლებლობასაც მოგცემს.
  2. შეგიძლია ბაკალავრიატშივე ჩააბარო პიარის მიმართულებაზე. ეს უფრო ნაკლებ შესაძლებლობებს მოგცემს სამომავლოდ, მაგრამ ცოდნას უფრო სწრაფად მიიღებ.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სად მიიღებ განათლებას, ვინ იქნება შენი მასწავლებელი. რამდენიმე სასერთიფიკატო თუ სამაგისტრო პროგრამა ჩემი ძალებით მოვიძიე. სხვები შეგიძლიათ კომენტარების სახით დაამატოთ.

სამაგისტრო პროგრამები:

  1. კავკასიის უნივერსიტეტი – სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი)
  2. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯმენტი
  3. საქართველოს უნივერსიტეტი – რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა

 სასერტიფიკატო პროგრამები:

  1. PR School – სხვადასხვა
  2. PR აკადემია – სხვადასხვა კურსები
  3. კავკასიის აკადემიური ცენტრი – PR საზოგადოებასთან ურთიერთობა
  4. Cambridge Study – საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიული მენეჯმენტი

ისევე როგორც სხვა პროფესიებში, მხოლოდ საბაზისო განათლება საკმარისი არასდროს არის. თუ პიარის სპეციალისტობას გადაწყვეტ, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ მუდმივად ცოდნის განახლება და გადახალისება მოგიწევს. აუცილებლად უნდა იკითხო ბევრი სფეროს შესახებ და არ უნდა ჩამორჩე უკანასკნელ ტენდენციებს. ჩემი რეკომენდაცია იქნება, გამოიწერო ყველაზე პოპულარული ბლოგები და რესურსები ამ თემის გარშემო. მათთვის, ვინც ინგლისურ ენაზე ვერ კითხულობს, რამდენიმე კარგი რესურსი ქართულ ენაზეც მოვიძიე.

სასარგებლო რესურსები ქართულ ენაზე:

  1. PR Guide
  2. PR Hypermarket
  3. PR Club
  4. Peritus-ის ბლოგი
  5. GEPRA-ს ნიუსლეთერი
  6. PR School-ის ბლოგი
  7. PR Agenti
  8. Publicity.ge
  9. Marketer.ge

შეგიძლიათ სხვა რესურსები კომენტარებში დამიტოვოთ და პერიოდულად განვაახლებ მონაცემებს.

სად შეიძლება დასაქმდე?

დღეს ყველა კერძო და სამთავრობო ორგანიზაციას ესაჭიროება პიარის სპეციალისტი. დიდ კომპანიებში ცალკე პიარის განყოფილებები არსებობს. თუ ორგანიზაციული ცხოვრება შენთვის მიუღებელია, შეგიძლია საკონსულტაციო საქმეს მიჰყო ხელი. ვინ არის საქართველოში დაკავებული პროფესიული პიარ საქმიანობით? მე სულ ორი ფირმა ვიპოვე. თუ სხვებიც იცით, გამიზიარეთ.

  1. Peritus Group
  2. GePRA

გარდა ამისა,  უამრავ პოლიტიკოსს თუ ცნობილ ადამიანს საკუთარი პირადი “ფაბლისისტი” ჰყავს, რომელიც სწორედ პიარ საქმიანობითაა დაკავებული.

და ბოლოს – 3 რამ, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეს პიარ საქმიანობისას:

1. პიარი არ არის მხოლოდ მედიის წარმომადგენლებთან “მეგობრობა”;

ხშირად ჰგონიათ, რომ პიარი მხოლოდ კარგად გაშუქებული სიუჟეტი ან დროულად გამოქვეყნებული სტატიაა. მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან ურთიერთობა პიარ საქმიანობის უდიდეს ნაწილს იკავებს, ეს არ არის ყველაფერი. პიარ პრაქტიკოსების ფუნქციებში შედის პრეზენტაციებზე და პრეს-კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლა, სხვადასხვა პიარ-მასალებისთვის კონტენტის შექმნა, ღონისძიებების ორგანიზება, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობა, კვლევების ჩატარება.

2. პიარი არ არის მხოლოდ ტრადიციული არხების გამოყენება;

ახალი მედიის მოხმარების ზრდამ განაპირობა პიარ პრაქტიკის დიჯიტალიზაცია. დღეს პიარ პრაქტიკოსის მიმართ აუცილებელი მოთხოვნაა სოციალურ მედიაში ღრმა ცოდნა და გამოცდილება.

3. პიარი არ არის მხოლოდ ორგანიზაციის გარეთ მიმართული ურთიერთობა;

“ციხე შიგნიდან ტყდებაო” – ნათქვამია. ეს გამოთქმა პიარ პრაქტიკაშიც ძალიან აქტუალურია. ხშირად პიარ სპეციალისტები მთელ ყურადღებას და ძალისხმევას გარე ფაქტორებს და მოვლენებს უთმობენ, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორია, საკუთარი ორგანიზაციის თანამშრომლები, ყურადღების მიღმა რჩებათ.

სხვა დასამახსოვრებელი რჩევებიც თუ გაგახსენდებათ, კომენტარებში დამიტოვეთ. აუცილებლად ჩავამატებ.