შემოდგომა პრაღაში

უკვე ერთი კვირაა, რაც პრაღაში ვცხოვრობ. შეღვინებული ოქტომბერია. დღისით 7-დან 10 გრადუსამდე სითბოა. ცივა, მაგრამ მზე თბილია და ალერსიანი. გარეთ გასვლის წინ ჩემს ყველაზე თბილ წითელ ქურთუკს და ლურჯ ბათინკებს ვიცვამ. ამ ერთი წყვილი ბათინკის გარდა სხვა ფეხსაცმელი არ გამაჩნია, მაგრამ წავა.

#Autumn in #Prague

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

კევინთან ერთად სასტუმრო პროკოპკაში დავსახლდი. ის ახლახანს გადმოვიდა პრაღაში საცხოვრებლად და Accenture-ში დაიწყო მუშაობა. მე კი 31 ოქტომბერს ევროპაში ცხოვრების უფლება მიმთავრდება. გადავწყვიტეთ ოქტომბრის ბოლო ორი კვირა ერთად გავატაროთ და ეს დროსა და სივრცეში გაჭედილი, უიღბლო ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ.

Autumn theme in #starbucks ♥

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

ყოველ დილით 7 საათზე ვიღვიძებთ. 8-ის ნახევარზე სასტუმროს სასადილო დარბაზში ჩავდივართ და საუზმეს ზანტად შევექცევით. 9-ის ნახევარზე ერთმანეთს ვემშვიდობებით. ის სამსახურში მიდის. მე კი ჩემი ლეპტოპით ნომერში ან ლობიში ვჯდები და მუშაობას ვიწყებ.

  Sunday morning at French brasserie, Café Amandine. This is a breakfast menu – 200ck (20 GEL) for everything. Whoop! #happinessincarbs   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

დაახლოებით 12 საათისთვის შიმშილი თავს მახსენებს და სუპერმარკეტში ან შორიახლო კაფეებში მივბოდიალებ ლანჩის საჭმელად. ნაშუადღევს ისევ მუშაობას ვაგრძელებ. უამრავი საქმე მაქვს. ბრენდის ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობ. კონკურენციის ანალიზს სამუშაო დღის უმეტესი ნაწილი მიაქვს, მაგრამ ეს აუცილებლად შესასრულებელი საშინაო დავალებაა. ზარები მაკედონიასთან, თბილისთან და ლონდონთან ძირითად საქმიანობას მწყვეტს, მაგრამ მათი უგულებელყოფა არაფრით შეიძლება.

Break fast, but slow… #breakfast #monday #morning #MondayMotivation A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ვერც ვიგებ, ისე ხდება ხოლმე 6-ის ნახევარი და მხარზე მსუბუქი შეხება მაბრუნებს რეალურ სამყაროში. ეს სამსახურიდან დაბრუნებული კევინია. შევპირდი, რომ აქ ყოფნის განმავლობაში ვიქნები “კეთილშობილი დედამიწელი” და არა “აგრესიული ა.მ.ო.“, რაც ნიშნავს, რომ პრაღაში მხოლოდ ოფიციალური 8 საათი შემიძლია დავუთმო მუშაობას, და არა – 12 ან 16, როგორც სხვა დროს. მერე სავახშმოდ მივდივართ. ყოველდღე სხვადასხვა ადგილებს ვარჩევთ, რომ არ მოგვწყინდეს. Foursquare-ი ჩვენი მეგობარია. ხანდახან მის თანამშრომლებთან ერთად ლუდის დასალევად დავდივართ. მეტროს ესკალატორზე ერთმანეთს ვკოცნით. პრაღის არქიტექტურას ვათვალიერებთ. ძილის წინ წიგნებს ვკითხულობთ. ვტირით.

  Church of Prokop   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

 

#Prague #architecture #travelnow #travel #instatravel #travelgram #travelling #traveling #wanderlust #praha#castle #medieval #tower

 

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ერთხელ იკეაშიც მივდივართ, ჩვენი მომავალი სახლებისთვის საოცნებო ავეჯის ასარჩევად. მე ფემინურ თეთრ ხეს ვირჩევ, ყვავილებიანი ტექსტილით. ის კი ყავისფერი ხისა და მეტალის მინიმალიზმისკენ იხრება. ორივემ ვიცით, რომ ჩვენი მომავალი სახლი არ იქნება საერთო სახლი, ამიტომ ორივეს არჩევანი უკომპრომისოა. ჩემი მომავალი სახლი სკოპიეშია, მისი მომავალი სახლი კი – პრაღაში.

A girly living room ♥   A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ერთ მომენტში ორივე ვჩერდებით თეთრ მინიმალისტურ საძინებელში, სადაც ორივეს გემოვნება თანაბრად არის გათვალისწინებული. ერთმანეთს ჩუმად ვეთანხმებით, რომ ჰიპოთეტურ, ალტერნატიულ რეალობაში ორივესთვის სწორედ ასეთი საძინებელი გამოდგებოდა და გზას ვაგრძელებთ. ეს კი არასდროსაა იოლი.

გზის გაგრძელება ნიშნავს არჩევანის გაკეთებას ამ ურთიერთობასა და ორივეს პირადი ოცნებებისკენ უკანმოუხედავად სვლაში. გზის გაგრძელება ნიშნავს ერთმანეთის გეგმებისა და მიზნების მიმართ თავაზიანობის გამოჩენას და პატივისცემას. გზის გაგრძელება ნიშნავს ერთმანეთის გაშვებას, უკეთესი მომავლისთვის. მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა თავაზიანობის გამოჩენა მაშინ, როცა შენი პრიმიტიული, პირველყოფილი ინსტინქტები გიბიძგებენ თავდასხმისკენ, დათრგუნვისკენ, ჩახშობისკენ, განადგურებისკენ…

ძალიან ძნელია რაციონალურობის შენარჩუნება ირაციონალურ საკითხებში, მაგრამ ამას მაინც ვახერხებთ. მიუხედავად ურთიერთობის დასრულების გარდაუვალობისა, ერთმანეთის მიმართ დაუღალავად ვიჩენთ სიკეთეს და გულისხმიერებას.

#Cool #vintage #graffiti of @Pepsi in #Prague #pepsi #cola #coke #old #pinup

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ის ბევრს ხუმრობს, მე ბევრს ვიცინი. მომავალზე ცოტას ვსაუბრობთ. როცა ვტირი, ის მამშვიდებს. მერე სამყაროზე, კაცობრიობის ბედზე და კოსმოსზე ფილოსოფიური საუბრებით ვიქცევთ თავს. კინოში მივდივართ “მარსელის” სანახავად და ყველაზე აღმატებულ მომენტებში ერთმანეთს ხელს ხელზე ვუჭერთ.

ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ილუზიური უსასრულობის შეგრძნებით. არადა ყოველგვარი უსასრულობა სასრულია. ყოველი წამი უსასრულობაშია განფენილი. ჩვენ ვცხოვრობთ ახლა. ხოლო, რაც არ უნდა ცუდად იყოს ყველაფერი, ბედნიერება მაინც არჩევანია. სხვა არაფერს მნიშვნელობა არ აქვს.

პრაღაში შეღვინებული ოქტომბერია და ყველა ქუჩაზე ისმის მუსიკა კელვინ კლაინის ახალი სუნამოს რეკლამიდან…

20+ ვებგვერდი ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად

ჩემი ვოიაჟების გამო გარკვეული ცოდნა დამიგროვდა მოგზაურობის დაგეგმვის შესახებ, განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით. დღეს გთავაზობთ იმ ვებგვერდების და რესურსების სიას, რომლებიც მე ძალიან გამომადგა ყველა ჩემს მოგზაურობაში და დარწმუნებული ვარ თქვენც ისიამოვნებთ.

თუ თქვენ სხვა სასარგებლო რესურსებიც იცით, გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ და სიას განვაახლებ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ! :)

ჩემოდნის ჩალაგება:

travelschecklist.com

იაფი ავიაკომპანიები:

Pegasus Airlines – საქართველოდან გაღწევის ერთ-ერთი ყველაზე იაფი გზა. დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან.

Wizzair – იაფი ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს.

Ryanair.com – ეკონომ-ფრენები. მართალია, საქართველოდან ჯერ არ დაფრინავს, მაგრამ დაფრინავს ბუდაპეშტიდან, სადაც wizzair-ით შეგიძლიათ გადაფრენა. ასევე შეგიძლიათ ეს ავიაკომპანია გამოიყენოთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნებს შორის მოგზაურობისას

Transavia – დასავლეთ ევროპა

EasyJet – დასავლეთ ევროპა

Vueling.com – ძირითადად ესპანეთი და დასავლეთ ევროპა

საძიებო სისტემები:

Kayak.com/flights – სხვადასხვა ავიაკომპანიების ფასების შედარებისთვის. ეკონომ-ფრენები მგონი აქ არ იძებნება

checkmybus.com – თითქმის ყველა ავტობუსის კომპანიის საძიებო სისტემა

Goeuro.com – ასევე საძიებო სისტემაა ყველა სახის ტრანსპორტის

მატარებლები:

Deutsche Bahn – მატარებლით მოგზაურობა გერმანიიდან, გერმანიისკენ და გერმანიაში

NS.nl – მატარებლით მოგზაურობა ჰოლანდიიდან, ჰოლანდიისკენ და ჰოლანდიაში. აქ მატარებლით მგზავრობა საკმაოდ ძვირია, ამიტომ აჯობებს ჯგუფური ბილეთი შეიძინოთ. არსებობს ფეისბუქის ჯგუფები (მაგალითად, NS Group-tickets Amsterdam), სადაც 10-10 კაცი ერთიანდება და ერთად ყიდულობენ ბილეთებს.

Tren Italia – მატარებლით მოგზაურობა იტალიაში

ავტობუსები:

uk.megabus.com – ავტობუსის ხაზი რომელიც აერთებს ლონდონს, პარიზს, ამსტერდამს, ბრიუსელს და სხვა ევროპულ ქალაქებს…

Public Express – ბრემენი, გრონინგენი და ოლდენბურგი

FlixbusMeinFern Bus – გერმანული ავტობუსების კომპანია, რომელიც თითქმის ყველა დიდ ქალაქში დადის (ეს ორი ვებგვერდი ერთ კომპანიას ეკუთვნის.

Ouibus – იაფი და კომფორტული ავტობუსების კომპანია

Student Agency – ჩეხური იაფი ავტობუსების კომპანია

Terravision.eu – აეროპორტის ტრანსფერები ევროპის ზოგიერთ დიდ ქალაქში (ლონდონი, მანჩესტერი, რომი, ფლორენცია, მილანი, პალერმო, ტურინი, ამსტერდამი, მალტა, პორტო).

Eurolines – ავტობუსები მთელს ევროპაში [მოგვაწოდა თემუჩინმა]

სასტუმროები და ჰოსტელები:

Booking.com – როცა საქმე ახალ ქალაქში თავშესაფრის პოვნას ეხება, მე ყოველთვის ბუქინგ.ქომ-ს ვენდობი.

 

როგორ დამადეპორტეს მაკედონიიდან

კარგა ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია, ამიტომ დღეს მოგიყვებით, როგორ დამადეპორტეს მაკედონიიდან.

zagreb airport checkin

სკოპიეში საქმიანი ვიზიტით წავედი. იქ ერთმა კომპანიამ შეხვედრაზე მიმიწვია და ბილეთები ფრანკფურტიდან სკოპიეშე და უკანვე ფრანკფურტისკენ მიყიდა. გეგმის მიხედვით, 3 დღე გავჩერდებოდი და შემდეგ ისევ ფრანკფურტში დავბრუნდებოდი.

ვიზაზე არც კი გვიფიქრია, რადგან ჰოლანდიის რეზიდენტობის მოწმობა მაქვს, რომელსაც დეკემბრამდე აქვს ვადა და მისი საშუალებით ევროპის შენგენის ზონებში უპრობლემოდ შევდივარ. კომპანიაში შეხვედრები და გაცნობები უკვე ჩანიშნული გვქონდა, ქალაქიც უნდა დამეთვალიერებინა, იმ რამდენიმე დღისთვის ბინაც მიქირავეს. თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

Prayroom
პირველად ვნახე აეროპორტში სალოცავი ოთახი :) მაკედონიის მოსახლეობის ერთი მესამედი მუსულმანია.

სკოპიეში, ზაგრების გავლით და გეგმის დარღვევით, ღამის 11 საათზე ჩავფრინდი. თვითმფრინავმა დაახლოებით 40 წუთი დაიგვიანა. ვიცოდი აეროპორტში კომპანიის მძღოლი მელოდებოდა და ძალიან მეშლებოდა ნერვები ამ დაგვიანების გამო. როცა პასპორტის კონტროლის პუნქტს მივაღწიე და პოლიციის ოფიცერს ჩემი პასპორტი და რეზიდენტის ბარათი გავუწოდე, მან სათვალის ზემოდან გადმომხედა, ხელი ამიქნია და მითხრა, რომ პრობლემა მაქვს. ჩემს გაოგნებულ სახე რომ დაინახა, დაამატა, რომ ეს რეზიდენტის ბარათი არ გამომადგება და ვიზა მჭირდება.

პირველი რაც თავში გამიელვა ის იყო, რომ სანამ მე ფრანკფურტიდან სკოპიეში ჩავფრინდი, ამასობაში ჰოლანდიის მთავრობამ სადღაც კომპიუტერში ღილაკს დააჭირა და ჩემი რეზიდენტის ბარათის მოქმედება შეზღუდა, ამ ოფიცერმა კი სადღაც სისტემაში დაინახა ეს გაუქმება.

Skopje didn’t welcome me very well.

Posted by Mariam Talakhadze on Tuesday, July 28, 2015

 

უცებ პანიკის შეტევა დამეწყო. თუ ჩემი რეზიდენტის ბარათი აღარ მუშაობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან ფრანკფურტშიც ვეღარ დავბრუნდებოდი და ამაღამვე საქართველოში დამადეპორტებდნენ. ამით ჩამეშლებოდა არა მხოლოდ სკოპიეში ვიზიტი, არამედ მომდევნო კვირებში პრაღა, ვენა, ბრატისლავა და ბუდაპეშტიც.

მე დავიწყე მტკიცება, რომ ეს მოწმობა იგივე ვიზაა, და ამ ბარათის საშუალებით უპრობლემოდ გადავადგილდები ყველგან, სადაც შენგენის ზონაა. პოლიციელმა მითხრა, რომ გავყოლოდი და სასაზღვრო პუნქტში წამიყვანა.

იქ ჩემი პასპორტი სადღაც ააორთქლეს, ვიღაცებს დაუძახეს, რაღაცები არკვიეს და ბოლოს გამომიცხადეს, რომ რადგან ჰოლანდიის დროებითი რეზიდენტი ვარ და არა მუდმივი, თან ამასთანავე საქართველოს პასპორტით ვმოგზაურობ, მათი კანონის თანახმად მაკედონიაში შესვლის უფლება პასპორტში ჩარტყმული ვიზის გარეშე არ მაქვს. შემდეგ შემატყობინეს, რომ რახან ქვეყანაში ვერ შემიშვებენ, მომდევნო დილით, 6 საათზე, იგივე ავიახაზებს უკან ფრანკფურტში გამაყოლებდნენ.

როცა მივხვდი, რომ ბარათში არ იყო პრობლემა და მხოლოდ მაკედონიის იდიოტურ კანონთან მქონდა საქმე, ოფიცერს ვთხოვე სადმე დარეკვის უფლება მოეცათ და იმ კომპანიის დირექტორს დავურეკე, ვინც მაკედონიაში მიმიწვია და სიტუაცია ავუხსენი.

დირექტორი გადაირია, ჯერ პოლიციელს ტელეფონზე ელაპარაკა კარგა ხანს, მერე კი ისევ მე: არ ინერვიულო, სადღაც გადავრეკ-გადმოვრეკავ და რამეს მოგიხერხებ და შემოგიშვებენო. შევთანხმდით, რომ ერთ საათში შევეხმიანებოდი.

პოლიციელმა რეზიდენტის ბარათი დამიბრუნა თუმცა პასპორტს ხვალ დილამდე შევინახავთო, მითხრა და მეორე სართულზე ამიყვანა, სადაც ერთ ჩაბნელებულ, ცარიელ დარბაზში ადგილი მიმიჩინა. Wifi-ს პაროლი მომცა და სკამებზე მიმითითა, აქ შეგიძლია გამოიძინოო.

ლოდინით თავმობეზრებული სკოპიეს აეროპორტში
ლოდინით თავმობეზრებული სკოპიეს აეროპორტში როგორც შემიძლია ვერთობი
სკოპიეში ყოფნისას ამ დარბაზში გავატარე დროის უმეტესი ნაწილი. მშობლიურივითაა :)
სკოპიეში ყოფნისას ამ დარბაზში გავატარე დროის უმეტესი ნაწილი. მშობლიურივითაა :)
რა თქმა უნდა სკამებზე მეძინა :) თავი ტომ ჰენკსი მეგონა.
რა თქმა უნდა სკამებზე მეძინა :) თავი ტომ ჰენკსი მგონია.

უკვე ღამის 1 საათი იყო. კომპანიის დირექტორი შიგადაშიგ მატყობინებდა, რომ საქმეში აეროპორტის დირექტორიც ჩარიეს და ვიღაცას სამინისტროდანაც დაარეკინეს, მაგრამ იმ საზღვრის პოლიციელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 6 საათზე არ გამაბრუნეს და დრო მოიგეს, იმ იმედით, რომ იქნებ კიდევ რამე გაერკვიათ.

– Excuse me, miss, we have a small survey about our services in the airport… Would you mind filling it out?- Of…

Posted by Mariam Talakhadze on Wednesday, July 29, 2015

 

საბოლოოდ, დილის 11 საათისთვის განაჩენი გამომიტანეს, რომ არაფერი არ გამოვიდოდა. სწრაფი ვიზის აღებას მინიმუმ 2 დღე სჭირდებოდა და კომპანიამ მითხრა, ორი დღე აეროპორტში ნაღდად არ გაყურყუტებთო. უკან დასაბრუნებელი ბილეთი თვითონ ამიღეს. ამჯერად ლუბლიანას გავლით მომიწევდა ფრენა.

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ 24 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქვეყნის (ფრანკფურტის, ზაგრების, სკოპიეს და ლუბლიანას) აეროპორტებს ვეწვიე, თანაც სრულიად უშედეგოდ.

lovenia airport checkin

მაკედონიის კანონი რომ ალოგიკურია, ამას კამათი საერთოდ არ სჭირდება.

თუკი იმ ქვეყნის რეზიდენტი ხარ, რომელში შესასვლელი ვიზა მეორე ქვეყანაშიც დაშვებულია, რატომ არ უნდა გიშვებდეს ეს მეორე ქვეყანა თავისთან? რა მნიშვნელობა აქვს იმ პირველ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობ თუ დროებით, როცა შენს საცხოვრებელ მოწმობას კიდევ 4 თვე აქვს ვადა?

ან თუ გავითვალისწინებთ მაკედონიის 33%-იან უმუშევრობის დონეს, კორუფციას, ინფლაციას და მთლიან შიდა პროდუქტს, რა მიზეზით უნდა მინდოდეს მაკედონიაში არალეგალურად დარჩენა, როდესაც ჰოლანდიაში ლეგალურად ცხოვრება შემიძლია?

თუმცა სავიზო კანონები ლოგიკას იშვიათად ემორჩილება ხოლმე. ამიტომ ამ ამბიდან ძირითადი გაკვეთილი ის არის, რომ ახლა უკვე ყოველთვის, როცა ახალი ქვეყნის მონახულებას გადავწყვეტ, ყურადღება უნდა მივაქციო სავიზო რეჟიმის განაცხადში შემდეგ ტერმინებს შორის განსხვავებას: “ვიზა”, მუდმივი მაცხოვრებელი და დროებითი მაცხოვრებელი.

საერთო ჯამში, მთელი ამ თავგადასავლის განმავლობაში, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ვინერვიულე, დანარჩენ დროს სიტუაციის კომიკურობაზე უფრო მეცინებოდა. “ასეთი გაუგებრობები ბევრმა მოგზაურობამ იცისო”, მომწერეს და თანაც – first time for everything. :)

მოგზაურობა იტალიაში: დღე მესამე

როცა ხარ რომში, გვიან გაიღვიძე და ჰოსტელის ნომერშიც შენს გარდა არავინაა, შეგიძლია გაერთო თამაშით "დღეს რა ჩავიცვა?"
როცა ხარ რომში, გვიან გაიღვიძე და ჰოსტელის ნომერშიც შენს გარდა არავინაა, შეგიძლია გაერთო თამაშით “დღეს რა ჩავიცვა?”

დღეს მეტროში ჩავედი. ჭრელად მოხატული მატარებელი შემხვდა. ან როგორ ახერხებენ ასე “გაქცეული” მატარებლის მოხატვას?! ალბათ სადმე უსაფრდებიან, აქ რაღაც სხვა ამბავი იქნება. :)

მეტროთი ერთჯერადი მგზავრობა 1.5 ევრო ღირს და 100 წუთის განმავლობაში შეგიძლია ბილეთის გამოყენება. ვაგონები სუფთა და მოწესრიგებულია. არც მათხოვრები არიან და არც მომღერალი “ნასკის” გამყიდველები. ხალხიც ნორმალურად გამოიყურება.

რომში მხოლოდ ორი მეტროს ხაზია – A (წითელი) და B (ლურჯი). ლურჯი ხაზი ჩემი ჰოსტელიდან კოლიზეუმისკენ მიდის, წითელი კი ვატიკანისკენ. დღეს ლურჯ ხაზზე ვჯდები. გეგმაში კოლიზეუმი და “დიდი ცირკი” მაქვს. ასევე ვფიქრობ, ESN-ის რომის ოფისს მივადგე და გავარკვიო, შაბათ-კვირას მართლა მიდიან თუ არა ექსკურსიაზე. ESN-ი ერასმუსის სტუდენტების ქსელია და ოფისი ევროპის ყველა დიდ ქალაქში აქვთ. თუ მართლა შედგა ეს ექსკურსია, ESN-ის წევრობა მშვენივრად გამომადგება.

* * *

P1060462

ვიღაც კაცმა კოლიზეუმის შესასვლელთან მკითხა: “თქვენ ჰოლანდიელი ხართ?” რა თქმა უნდა უარით გავისტუმრე, მაგრამ გულში ჩუმად ისე გამიხარდა, კინაღამ ჩავეხუტე. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მიმიღო ჰოლანდიელად.

სელფის ჯოხები აკრძალულია :)
სელფის ჯოხები აკრძალულია :)

კოლიზეუმში შევდივარ. აქ სამი სართულია, საიდანაც მხოლოდ ორია ღია ჩემნაირი ტურისტებისთვის, ვისაც გიდების გარეშე, თავის ნებაზე ბოდიალი უყვარს. მესამე – მიწის ქვეშა სართული, სადაც სცენის ქვეშა კატაკომბებია განთავსებული, მხოლოდ ტურისტული ჯგუფებისთვის არის ღია. ჯგუფში მოხვედრა და გიდის დაქირავება დამატებითი თანხა ღირს, ამიტომ მე ამ შესაძლებლობას ყოველთვის გვერდს ვუვლი.

კოლიზეუმმა ჯერ კიდევ გუშინ მომხიბლა, გარედან რომ შევავლე თვალი, მაგრამ შიგნიდან კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ვკითხულობ კედლებზე გაკეთებულ წარწერებს, შენობის ისტორიას რომ ყვებიან, და ჩემს თვალწინ მთელი რომის წარსული ცოცხლდება.

კოლიზეუმის შესახებ არ ვიცოდი:

  • რომ სიტყვა “არენა” ლათინური Harena-დან მოდის, რაც ქვიშას ნიშნავს;
  • კოლიზეუმის არენა ხის ყოფილა (ქვიშით დაფარული) და მის ქვეშ სხვადასხვა ოთახები და სათავსოები იყო (დღეს არენა აღარ არის შემორჩენილი ამიტომ ეს ქვედა სართული კარგად ჩანს).

P1060474

  • ამ იატაკქვეშა კატაკომბებში სხვადასხვა სახის ამწე-მოწყობილობები, წყლის დინების მისამართი არხები და სიმძიმის ასაწევ-დასაწევი სხვადასხვა მექანიზმები იყო მოთავსებული. ზოგ საკანში გარეული ცხოველები იყვნენ დამწყვდეული, რათა საჭიროებისამებრ შეძლებოდათ მათი არენაზე შერეკვა.

PANO_20150416_114932 PANO_20150416_120002

შიგნით რამდენიმე საათი გავატარე. 2 დღიანი ბილეთი რომელიც გუშინ შევიძინე, რომის ფორუმებს და კოლიზეუმს მოიცავს. დღეს მხოლოდ კოლიზეუმი და “დიდი ცირკი” მაქვს პროგრამაში, ასე რომ ვცდილობ მაქსიმალურად ვისიამოვნო. ჩემი მობილურის კამერის დაფარული შესაძლებლობები აღმოვაჩინე და ფოტოსესიაც მოვაწყვე, რომლიდანაც მხოლოდ ერთი ფოტო მომწონს..

Colloseum from the inside. Did you know the arena was wooden and there were catacombs undernearth?… #romanholiday #rome #traveldiary

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

P1060487

კოლიზეუმიდან მაქსიმუსის ცირკამდე ფეხით 15-20 წუთში მიხვალთ. ის ავენტინის და პალატინის ბორცვებს შორის მდებარეობს. თუმცა, დიდმა ცირკმა იმედი გამიცრუა. დღეს მის ადგილას პატარა ნანგრევები და ერთი უბრალო მინდორია შემორჩენილი, სადაც რომაელი ბიჭუნები და გოგონები ფეხბურთს თამაშობენ. ნანგრევები რესტავრაციაშია და ბევრი ვერაფერი დავინახე. სს ადგილი დაახლოებით მე-6 საუკუნიდან მოყოლებული პირველადი დანიშნულებით აღარ გამოიყენება. დაუჯერებელია იმის წარმოდგენა, რომ აქ ოდესღაც ეტლებით რბოლა და მთელი რომის იმპერიაში პოპულარული სხვადასხვა გასართობი თამაშები იმართებოდა. თუმცა, ავენტინის ბორცვიდან თუ გადაიხედავთ, პალატინის ბორცვზე შემომდგარ რომაულ ფორუმებს დაინახავთ, რომლებიც ცირკს ამაყად გადმოჰყურებენ და ეს სანახაობა მართლაც ღირს კოლიზეუმიდან 20 წუთიან გასეირნებად.

აქედან ის პატარა “სოფელიც” ჩანს, სადაც ლეგენდის თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში რომულუსი ცხოვრობდა.

რომის საძირკველთან ვდგავარ.

from coloseum to circus maximus

მაქსიმუსის ცირკი

P1060491

* * *

მთელი რომი ვარდისფრად ყვავის
მთელი რომი ვარდისფრად ყვავის

გადავწყვიტე sapienza-ს უნივერსიტეტში ფეხით წავსულიყავი. საპიენცას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ვია დელ კასტრო ლაურენციანოს 9 ნომერში მდებარეობს, რაც ტერმინის მატარებლის სადგურიდან 20 წუთის ხოლო ჩემი ჰოსტელიდან 30 წუთის სავალზეა, და აქ ESN-ის ოფისია განთავსებული.

IMG_20150416_151750

ESN-ის ოფისში ძალიან თბილად მიმიღეს, თან გაუკვირდათ, რომ მივაკითხე. როგორც ჩანს ამ ქსელის წევრობის პრივილეგიას არც ისე ბევრი სტუდენტი იყენებს. უამრავი რჩევა მომცეს და შემპირდნენ, თუ შაბათ-კვირას ექსკურსია გაიმართებოდა, აუცილებლად შემატყობინებდნენ. თუმცა ამის იმედზე ნუ იქნებიო. სხვა ადგილები იმასწავლეს, რომელთა ნახვაც დამოუკიდებლად შემიძლია. მაგალითად რომიდან ჩრდილოეთით დიდი ტბა ყოფილა, და მის გარშემო სამი ლამაზი სოფელი. მატარებლის ბილეთი 3 ევრომდე ღირსო. მგონი წავალ მანდ.

* * *

Uch better lumch than yesterday #lasagna

A photo posted by Learn ★ Love ♥ Travel ♦ Write (@belladore) on

ცირკის მახლობლად პატარა სასადილო ვიპოვე და ლანჩად ლაზანია მივირთვი.

არ მომწონს იტალიური საჭმელი. არც პასტა მომწონს, არც პიცა. ჯერ კიდევ ვეძებ რამე კერძს რაც თავბრუს დამახვევს და ვერ ვპოულობ. მხოლოდ ნაყინი მომწონს. დღეში სამჯერ შემიძლია ვჭამო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვჭამ. გემოს საგულდაგულოდ ვარჩევ და ყოველთვის ერთ ბურთულას ვყიდულობ. აქაც ვერ ვღალატობ ჯანსაღ ცხოვრებას. მომწონს, რომ ბევრს დავდივარ ფეხით.

ხანდახან მარტოობის საშინელი განცდა მეუფლება. ვაანალიზებ საკუთარ თავს, და იმას, თუ როგორ მიჭირს ადამიანებთან დამეგობრება და ბოლომდე გახსნა. და თუ ვინმესთან გავიხსნები, მერე როგორ მიჭირს “ვადაგასული” ურთიერთობების ჩამოცილება. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მეპარება ადამიანებში ეჭვი ყოველთვის და როგორ ვერ ვენდობი ადამიანებს. ვცდილობ, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხები ვიპოვო. დრო ბევრი მაქვს და არ მეჩქარება. ყველა დღე ჩემია.

რაც მთავარია, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ. ეს ბედნიერება უეცრად მოზღვავებული მხიარულება არ არის. არც რამეთი აღტაცება და წუთიერი აღმაფრენაა. შედარებით მარტოსული, ჩუმი, დამოუკიდებელი და მეტისმეტად ბევრი რამის ტევადი კმაყოფილებაა.

IMG_20150416_132206

მოგზაურობა იტალიაში: დღე მეორე

მორჩა. ჩემი საქმე წასულია. იტალიელები მხოლოდ ტკბილ საუზმეს ჭამენ. შოკოლადიანი კრუასანები, ნამცხვრები, ტკბილი ბურღულეული, ჯემები და ა.შ. არავითარი ყველი, ლორი ან სხვა მარილიანი პროდუქტები. არადა, რამდენი გადავიხადე ჰოსტელის საუზმეში?! არა ასე ვერ გაგრძელდება. მომიწევს სუპერმარკეტთან სტუმრობა.

მგონი ამოვხსენი Dolce Vita-ს საიდუმლო პირდაპირი მნიშვნელობით. წავალ აწი სახლში…

* * *

რა ლამაზია რომი! ქუჩებში დავდივარ და ყველაფერს აღტაცებაში მოვყავარ. თუმცა ბარსელონასგან ბევრად განსხვავდება. აქაურობას უფრო ძველი და დიდებული სილამაზე აქვს. ბარსელონა – ხელოვნების და გართობის დედაქალაქი – მეტისმეტად ფერადი და გადაპრანჭულია.

via nazionale

P1060232

Day2morningselfie

წარუმატებელი საუზმის შემდეგ ჰოსტელიდან ნაციონალეს ქუჩას გავუყევი. გზად რესპუბლიკის მოედანზე  შევჩერდი და შადრევანს ფოტო გადავუღე.

ცხელა. დღეს 22 გრადუსია გამოცხადებული.

MetroRepublicca

ნაციონალეს ბოლომდე მივუყვები და ტრაიანეს სვეტთან ჩემს წინ საინტერესო ხედი იშლება. აქედან იწყება რომის ყველაზე ძველი, ისტორიული ნაწილი.

ამ რუკაზე კარგად მოჩანს ვიქტორიო ემანუელ მეორის მონუმენტი და ტრაიანეს ფორუმი.
ამ რუკაზე კარგად მოჩანს ვიქტორიო ემანუელ მეორის მონუმენტი, იმპერატორის ფორუმების გამზირი და ტრაიანეს ფორუმი.

მარცხნივ, სამხრეთისკენ, იმპერატორის ფორუმების ქუჩა და კოლიზეუმი მოჩანს. ეს ტერიტორია დაცულია და შესვლა ფასიანია. რიგებისთვის თავი რომ ამერიდებინა, ბილეთი ონლაინ, 14 ევროდ შევიძინე (რიგში ჩადგომით 2 ევროს დავზოგავდი, თუმცა უამრავი დრო დამეკარგებოდა).

P1060235

რადგან რიგზე არ მაქვს სადარდებელი, გზას მარჯვნივ, დასავლეთით, ვიქტორ ემანუელ II-ის ძეგლისკენ ვაგრძელებ, რომელიც ზუსტად ვენეციის მოედანსა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის მდებარეობს. ვიქტორ ემანუელ II გაერთიანებული იტალიის პირველი მეფე იყო. ამ მონუმენტს მეორენაირად Altare della Patria-ს ანუ “სამშობლოს საკურთხეველსაც” ეძახიან. იგი ერთიანი იტალიის სიმბოლოა. მეფის ქანდაკება 1901 წლით თარიღდება და მოქანდაკე მასზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

P1060239

აქვეა პირველ მსოფლიო ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელსაც ქალღმერთი რომი “იცავს” და მემორიალური მარადიული ცეცხლი “ათბობს”.

ეს უზარმაზარი მონუმენტი თეთრი “მანათობელი” მარმარილოთია მოპირკეთებული, რის გამოც მკვეთრად გამოირჩევა მის გარშემო არსებული სხვა მუქი ფერის შენობებისგან. ის იმდენად დიდია, რომ ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან მოჩანს. რომაელები მისი ყუთის მსგავსი ფორმის გამო უამრავ საზიზღარ მეტსახელს ეძახიან. მათ შორისაა: “საბეჭდი მანქანა”, “ინგლისური სუპი” (იტალიური დესერტი) და “ეროვნული საშარდე”.

P1060247

შენობაში შესვლა უფასოა (კიბეებზე დაჯდომა არ შეიძლება) და შიგნით იტალიის გაერთიანების მუზეუმია განთავსებული.

მის უკან, კაპიტოლიუმის ბორცვის წვერზე, წმინდა მარიამის სახელობის “სამოთხის საკურთხევლის” ბაზილიკა დგას. მისი ინტერიერით, განსაკუთრებით კი ჭერით, გაოცებული დავრჩი.

church vittorio emanuel 2

P1060258

თუმცა, ერთი შეგრძნება, რომელიც კათოლიკურ ეკლესიებში მეუფლება, არის გაღიზიანება. ეს ოქროთი მოჭედილი ხატები, ბროლის ჭაღები და მარმარილოს ჩუქურთმიანი სვეტები იმდენად მაღიზიანებს, რომ ეკლესიებს “ღვთის სავანედ” ვერაფრით ვეღარ აღვიქვამ. პროტესტანტულ ეკლესიებში ეს “მდიდრული” ტონი შედარებით დაწეულია და გაღიზიანებისთვის ნაკლები მიზეზი მაქვს. ალბათ ამიტომაც მომეწონა ბარსელონაში “Sagrada Familia”.

P1060259

* * *

ვენეციის მოედნიდან იმპერატორის ფორუმების ქუჩას მივყვები. ტრაიანეს ფორუმსა და ბაზრებს შორის ხალხია შეჯგუფული. ქუჩის მეორე მხარეს რეკლამის ან ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ვარკვევ, რომ წითელ მანქანაში ბენ სტილერი ზის და ყველა ცდილობს ფოტო გადაუღოს. ასისტენტები საგანგებოდ, ქოლგებით ცდილობენ მის დამალვას და კარგადაც გამოსდით – ერთ ნორმალურ ფოტოს ძლივს ვიღებ.

Ben_Stiller_in_Roma

Ben_Stiller_in_Rome
Ben Stiller in Rome (c) Sweet.ge
Ben Stiller in Rome / closeup (c) Sweet.ge
Ben Stiller in Rome / closeup (c) Sweet.ge

დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვდგავარ და მივჩერებივარ ქოლგებს, რომლებიც ბენ სტილერს მალავენ, შემდეგ 180 გრადუსით ვტრიალდები, თვალში იულიუს კეისრის ფორუმი მხვდება და უცებ ძალიან მეცინება.

Ceasar Forum
იულიუს კეისრის ფორუმი. ნანგრევები

მეცინება ყველაფერზე: ბენ სტილერზე, ქოლგებზე, ვითომ პაპარაცებზე, ჩემს თავზე, იულიუს კეისარზე, რომის იმპერიაზე, რომის პაპზე, იმ სიცოცხლეზე, 2000 წლის წინ ამ ადგილას რომ დუღდა და გადმოდიოდა, და იმ სიცოცხლეზე ამ ადგილას ახლა რომ დუღს და გადმოდის. მთელი სიმძიმით განვიცდი იმას, რომ ყველაფერი წარმავალია, ცხოვრება წუთიერია და ამას არაფერი ეშველება.

ჩემს თავს ვეკითხები, რა უფრო გამაბედნიერებს ახლა, ბენ სტილერის ხარისხიანი ფოტოს მოპოვება თუ რომის ფორუმის ნახვა? გზას ვაგრძელებ და რამდენიმე წუთში დაცულ ტერიტორიაზე შევდივარ.

* * *

არ ვიცი რა ჯადოსნური დამოკიდებულება არსებობს მოგზაურობასა და ერთ ადგილას დაფუძნების სურვილს შორის, მაგრამ ყოველთვის, როცა სამოგზაუროდ მარტო მივდივარ, უცნაური ფიქრები ამეკვიატება ხოლმე: ვხვდები, რატომ უნდათ ადამიანებს საკუთარი ოჯახი ჰქონდეთ.

მე ის ვიცი, რომ არ მინდა ოჯახი. განსაკუთრებით ახლა ან უახლოეს მომავალში. არასდროს ვყოფილვარ მზად ამისთვის და უახლოესი 5 წლის განმავლობაში არ ვიქნები. ეს თემა მაფიქრებდა და ხანდახან მადარდებდა კიდეც, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რამხელა წნეხის ქვეშ ხვდება ნებისმიერი 30 წლამდე ასაკის დასაოჯახებელი ქალი ქართულ (და არა მარტო ქართულ) საზოგადოებაში.

შეიძლება ამის გამოც წავიკითხე Eat Pray Love “სამოცდახუთჯერ” – გილბერტის ისტორია ჩემად მომეჩვენა და მისგან მხარდაჭერას ვიღებდი ყოველთვის როცა მჭირდებოდა საკუთარ თავში და სურვილებში განმტკიცება. შემდეგ წავიკითხე მისი Committed და გავიაზრე იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ჩემსავით ფიქრობდა და ბოლოს – 40+ ასაკში მივიდა გადაწყვეტილებამდე (ნებით თუ უნებლიედ) ოჯახი შეექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში – ვიყო მარტო – მტკიცე ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ იმ ადამიანების გაგებას, ვინც ოჯახებს ზრდასრულ ასაკში და გააზრებულად ქმნიან.

ახლა აქ ვარ, რომში, და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ოჯახებს და წყვილებს, ერთად რომ მოგზაურობენ. მათი დანახვა ჩემს სკეპტიციზმს ოჯახის ინსტიტუტის მიმართ ოდნავ არბილებს ხოლმე და ვფიქრობ, იქნებ “მთლად წარუმატებელი” არ გამოვიდეს, თუკი ოდესმე კიდევ ერთხელ დავაპირე, ამ საქმეს მოვეკიდო.

ალბათ სასიამოვნოა, როდესაც  ა) გყავს ადამიანი ვინც შენი ცხოვრების “მოწმეა”, ბ) გყავს ადამიან(ებ)ი, ვინც “შენი გუნდია”, რაც არ უნდა მოხდეს, გ) უყურებ, როგორ იზრდებიან ბავშვები შენს გვერდით და ყველაფერს იმეორებენ, რასაც ასწავლი, დ) როდესაც მოგზაურობიდან სახლში ბრუნდები, სიცარიელის და მარტოობის გრძნობა არ გეუფლება.

მაგრამ მერე, მახსენდება ქორწილი, ორსულობა, ბავშვის საფენები, ძუძუთი კვება, მომატებული კილოგრამები, სტრიები, დაღლილობა, უძილობა – და რა თქმა უნდა ყველა სენტიმენტი, რაც იმ დროებითმა მარტოობამ მომიტანა უკვალოდ იფანტება. თანაც სინამდვილეში, ხომ ყველანი ყოველთვის მარტოები ვართ, სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა.

და მაინც, რომ შემხვდებოდეს ვინმე მამაცი და ძლიერი, ვინც ამ ყველაფერს ჩემთან ერთად თანაბრად (!) გაუძლებს, აგერ ამ სანტა ფრანჩესკა რომანოს ბაზილიკის თავს ვფიცავარ, მგონი შანსს მივცემ.

* * *

რომაული ფორუმი

იმპერატორის ფორუმები საშინლად გაიწელა. ყველაფერი უღმერთოდ ლამაზია და არ მინდა რამე გამომრჩეს, მაგრამ თან მცხელა, დავიღალე, კანი მეწვის (მგონი მზის დამწვრობა მივიღე), მშია, დასათვალიერებელი კი არ ილევა. რომ მცოდნოდა, ამდენი სასიარულო მექნებოდა, საგზალს წამოვიღებდი. კოლიზეუმს დღეს ვეღარ მოვასწრებ, ამიტომ ხვალ უფრო მომზადებული მოვალ. კარგია, რომ ეს ბილეთი 2 დღიანია – ესმით საკითხი. სასწრაფოდ რამე საკვები ობიექტი უნდა ვიპოვო.

P1060388

P1060390

P1060392

 

P1060337

P1060328

P1060303P1060315P1060316P1060317

P1060335

P1060339

P1060346

P1060362

P1060365

პალატინის ბორცვი:

P1060386P1060396

P1060394

P1060370

P1060371

P1060408

P1060414

P1060415

P1060420

P1060410
აპოლონ პალატინის ტაძრიდან / ბორცვიდან ხედი “დიდი ცირკის” მხარეს.

P1060403

P1060404

P1060417

P1060424

P1060429

P1060453

* * *

მსოფლიოში ყველაზე ცუდი პიცა ვჭამე. ისეთი ცუდი იყო, რომ არც შემიძლია პიცა ვუწოდო იმ საზიზღრობას. ჩემი შეცდომაა – რაღაც “ზაბიგალოვკაში” შევედი. წესიერი იტალიური საჭმელი წესიერ რესტორნებში იყიდება. სამაგიეროდ ყველაზე გემრიელი ფსტის ნაყინი გავსინჯე. იტალიური ნაყინის შესახებ ლეგენდები აქამდეც მსმენოდა და ახლა პირველად მომეცა შანსი, გამესინჯა ეს საოცრება. იტალიურ “ჯელატოსთან” ყველაზე ახლოს თბილისში Luca Polare-ს ნაყინი მოდის, და ალბათ სულ ოდნავ ჩამოუვარდება. რომში თითო ბურთულა დაახლოებით 2-3 ევრო ღირს და არჩევანი დაახლოებით 5-10 სხვადასხვა გემოს შორის შეგიძლია გააკეთო (სანაყინეს გააჩნია).

თუ იტალიაში მოხვდებით, ნაყინთან და ზოგადად საჭმელთან დაკავშირებით ერთი რჩევა გაითვალისწინეთ: შედით იმ საკვებ ობიექტში, სადაც რიგია და ამ რიგში ადგილობრივები დგანან. ეს ნიშნავს რომ საჭმელი ერთდროულად იაფიცაა და გემრიელიც.

მართალია, პიცა არ გამოდგა, ნახევარი სახეც მეწვის და 20 ათასი ნაბიჯის გავლის შემდეგ თავს დამხრჩვალი კატასავით ვგრძნობ, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, არაფერი არ მადარდებს.

ამ დიდებულ ქალაქში კიდევ 7 დღე უნდა გავატარო.

დღის შეკითხვა

რომში ყოფნა ჩემს ფილოსოფიური იდეებისკენ მიდრეკილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მე და ჩემი მეგობარი ვერაფრით შევთანხმდით:

სამყარო მოწესრიგებული ორგანიზმია თუ ერთი დიდი შემთხვევითი უწესრიგობა?

მე ვემხრობი იმ აზრს, რომ სამყარო საათის მექანიზმივით გამართული, მოწესრიგებულ ნაწილაკთა ერთობლიობაა და რომ მასში შემთხვევითად არაფერი ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?