თავგადასავლები

“ვინ არის ჯონ გალტი?”

/ფინალური პოსტი/
ხანდახან თითქოს მთელი ცხოვრება ერთ დღეს ელოდები და ხანდახან თითქოს ერთ დღეში ხდება მთელი ცხოვრება.

*

მარშალის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე პირველი მივედი. მხოლოდ სებასტიანი და ტეილორი დამხვდნენ. ცოტა ხანს საქართველოზე, საბჭოთა კავშირზე და სტალინზე ვისაუბრეთ. მერე გვერდით გავიხმე…

“იკიგაიზე” ველაპარაკე. ვუთხარი რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხადად გაუშალაშინებელი წიგნია, მისი სასიცოცხლო ენერგეტიკა, შემართება, ჟინი, სიმამაცე, გაუტეხლობა, გულწრფელობა, სიმართლე, ერთგულება და მსხვერპლშეწირვა მისი ის საუკეთესო ღირსებებია, რასთანაც მხოლოდ საუკეთესო მკითხველები მოახდენენ დაკავშირებას, თვითიდენტიფიკაციას, დაფასებას.

*

სადღაც გრენლანდიის თავზე, თვითმფრინავში რომ ვიჯექი და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, თან “იკიგაიდან” ერთ მონაკვეთს ვკითხულობდი, სადაც ის წერს:

(თარგმანი) მე აღთქმა დავდე – დავიფიცე, “მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩვეულებრივი, საშუალო ვიყო”. ამან მართლაცდა კინაღამ მომკლა. როდესაც “საშუალოობისკენ” მიმავალ ყველა გზას მოიჭრი და შენს უკან ყველა ნავს დაწვავ, უეცრად აღმოჩნდები რუკაზე ჯერ კიდევ მოუნიშნავ ადგილებში. ასეთი მისწრაფება თავიდან მარტოსულია. არ ვიცნობ არავის, ვინც ისეთი სიმაღლეებისკენ ისწრაფვის, როგორსაც მე ვუმიზნებ. ჩემი თავისთვის კი არა… საკუთარი თავის გამო არ მიმიძღვნია ცხოვრება ამ ყველაფრის კეთებისთვის. პირიქით, მრცხვენოდა კიდეც როცა დიადი საქმეების კეთებაზე ვფიქრობდი. არა, მე უფრო მაღალი მიზნებისთვის გადავდეთავი, იმ რაღაცებისთვის, რისიც ყველაზე მეტად მჯერა; რომ შემექმნა ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

მე? მე არავინ ვარ, მაგრამ დიდებულ საქმეებს ვაკეთებ. ეს არ არის წარმატების გარანტია, მაგრამ ასე ვატარებ ჩემს დღეებს – ბრძოლასა და ტანჯვაში. ეს ხანდახან მარტოსული საქმეა. ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. თვით იმ ადამიანებიდან, ვინც წარმატების მიღწევისთვის არიან შეიარაღებული, რამდენს სურს რომ საკითხების ფუნდამენტური ბუნება უკეთესობისკენ შეცვალოს? და გაითვალისწინეთ, ამას მეოცნებე იდეალისტივით არ ვამბობ. ჩემი ღირესებების უმეტესობა არამოდურია საზოგადოებრივი მორალის წინაშე. მე მჯერა სიმტკიცის, და ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც სურს ამის აღიარება. მე მჯერა უპირატესობის, და გაუმჯობესების და თუ უპირატესობის და გაუმჯობესების გჯერა, იმ ხალხზე ბევრად წინ ხარ, ვისაც ამის არ სჯერა.

მე არ მჯერა თანასწორობის. რა ტიპის სიმხდალეს უნდა გრძნობდე, რომ ინატრო, რომ ყველა ერთნაირი იყოს? განა ცხადი არ არის, რომ 5-დან 4 ადამიანი არც შეიწუხებს თავს სამყარო და საკუთარი თავი გააუმჯობესოს? თუკი ასეა, განა ცხადი არ არის, რომ თუ შენ შეეცდები, აუცილებლად, თითქმის ავტომატურად, უფრო მეტს მიაღწევ ვიდრე ის 4 ადამიანი? არა, თანასწორობის მორწმუნეებს არ სურთ იმ 4-ს შეეჯიბრონ. ისინი არ ამბობენ, “შეივრდომე ბრძოლები, და სიძნელეები, და გამოწვევები, და ტანჯვა-წამება, და იცხოვრე შენი შესაძლებლობების განაპირას. ეწამე შენი ეთიკის გულისთვის, სიამოვნება მიიღე ამ ტანჯვით, და გაიზარდე უფრო ძლიერი, და მოიპოვე უპირატესობა.” არა, ისინი ცდილობენ ის ერთიც დაამხონ, ვინც გაუმჯობესებას ცდილობს.

მე მჯერა უპირატესობის. მე მჯერა სიმტკიცის, სიძლიერის. ჩემთვის კი არა. სამყაროსთვის. სამყაროს სჭირდება სიძლიერე და უპირატესობა. მაგრამ აქამდე მისასვლელი გზები ტანჯვაზე და ბრძოლაზე გადის. მე არავის ვურჩევ ასე აზროვნებას. მართლა არ ვურჩევ. ეს ძნელია. ეს ხანდახან სასტიკიც კია. ამან კინაღამ გამტეხა, დამამხო. მაგრამ მგონი გავარღვიე და გავედი მეორე მხარეს. არავის ვუსურვებდი ამ გზაზე დადგომას, არც კარგ მეგობარს და არც უდიდეს მტერს. ნუთუ უგუნური ვარ ამას რომ გიზიარებთ? ჩემი ფილოსოფია საშიშია. ის ნევროზს იწვევს. ყოფილა შემთხვევები, გავგიჟებულვარ. როცა ვიცოდი, რომ იმ გზაზე ვიდექი, რომელზე დგომაც არ მინდოდა, ვამბობდი, რომ მირჩევნია არაფერი მქონდეს ვიდრე საშუალო ვიყო. შეიძლება ამან მომავალში გამტეხოს…

სიდჰარტამ თქვა, რომ ყველაფერი ტანჯვაა. მე ვამბობ, რომ მართლაც არის, და დაე, სულ ჩემი იყოს! იმდენს ვეწამები, რამდენსაც გადავიტან, რადგან ეს ცხოვრებაა. ცხოვრება ტანჯვაა და ეს ტანჯვა ბედნიერებაცაა, თუკი სწორი კუთხიდან შეხედავ.

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ ეს არის, რის გამოც ორი კონტინენტი და ოკეანე გადავლახე. ვფიქრობდი, რომ დავიხსნიდი. მეგონა, არ მივცემდი უფლებას, გატეხილიყო, დაცემულიყო. მეგონა დახმარება სჭირდებოდა. მეგონა მისი ტანჯვის მონაწილე გავხდებოდი და ამით ტანჯვას შევუმსუბუქებდი. მეგონა გადავარჩენდი.

*

დამაგვიანდა.

ყოველდღიური ჭაპანწყვეტით გადაღლილი საწყალი კაცი აღმოჩნდა. ის სასიცოცხლო ენერგია, რამაც 5 წლის წინ “იკიგაი” დააწერინა, უგზო-უკვლოდ გაქრა. ის, რაც მასში ყველაზე ძვირფასი იყო, დაკარგა. ის, რაც მას აძლიერებდა, ახლა სისუსტედ ექცა. ასე მითხრა:

“მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონივარ. ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. მე ერთი უბრალო ბიჭი ვარ, უბრალოდ ბევრს და ხმამაღლა ვლაპარაკობ – ბრბოში ყველაზე ხმამაღალი ვარ. სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, ვინც მართლა ბევრს შრომობს. მე უბრალოდ საქმეების მომგვარებელი ვარ. არაფერია ჩემში დიადი და დიდებული. ბოდიშს გიხდი, რომ იმედი გაგიცრუე. 5 წლის წინ დავაფასებდი იმას, რაზეც ახლა შენ მელაპარაკები. მაშინ სხვანაირი ვიყავი. ამის გამო უამრავი შეცდომა დავუშვი და გადავწყვიტე შევცვლილიყავი. ახლა აღარ შემიძლია ამის დაფასება. პირიქით, მინდა რომ გავერიდო ამას.”

ბევრი რამ მითხრა… ყველაფერი მტკივნეული. ყველაფერი თვალის ამხელი. სამყარო ბამბის უზარმაზარ ქულად იქცა და არაფერს აღარ ჰქონდა საყრდენი. როცა წავიდა, დიდხანს ვიჯექი ერთ წერტილზე თვალგაშტერებული. ჩემი აზრები ამოლესილი ლობიოს ქოთანს დაემსგავსა.

*

არისტოტელეს უთქვამს, უკვდავება რომ მოვიპოვოთ, ყოველი ნერვი და კუნთი უნდა დავძაბოთ, და იმასთან შესაბამისობაში ვიცხოვროთ, რაც ჩვენში ყველაზე საუკეთესოაო.

მარშალი მაშინ დაეცა, როდესაც მასში არსებულ საუკეთესო რამეზე თქვა უარი. ეს არ იყო არც უპირატესობის, არც სიძლიერის, არც გაუმჯობესების სიყვარული.

საქართველოზე რომ ვლაპარაკობდით, მაშინ მკითხა, ეს ქართველები ამდენი ხანი როგორ გადარჩით, ან ამდენ ბრძოლებს როგორ იგებდით, ან ყველანი დღემდე ასეთი შემართებულები როგორ ხართო.

იდეისადმი თავდადებული ერთგულება შეგვიძლია-მეთქი, ვუპასუხე.

*

თხემით ტერფამდე დამიარა განსაკუთრებულმა ენერგიამ; იმ ენერგიამ, რომელსაც ვგრძნობდი მისი “იკიგაის” და “პროგრესიის” კითხვისას; იმ ენერგიამ, რომელსაც ვგძნობდი აინ რანდის ეპიკურ წიგნში ჯონ გალტის 70 გვერდიანი რადიო-გამოსვლის კითხვისას; იმ ენერგიამ, რომელმაც მისთვის პირველი წერილი მიმაწერინა; იმ ენერგიამ, რომელმაც სან ფრანცისკოში გასაფრენი ბილეთი მაყიდინა; იმ ენერგიამ, რომელიც ამ პოსტს მაწერინებს; იმ ენერგიამ, რომელიც მაკეთებინებს ყველა დიდებულ თუ არადიდებულ საქმეს.

იმ ენერგიამ – სიცოცხლე რომ ჰქვია.

და მერე უცებ, ერთბაშად თავს დამატყდა ერთი უდიდესი, მაგრამ მარტივი ჭეშმარიტება…

*

“მე თვითონ ვარ ის ენერგია! სინამდვილეში ყოველთვის მე ვიყავი. სხვებში ვეძებდი, მაგრამ ყოველთვის მე ვიყავი.”

უჩვეულო ძალა ვიგრძენი. მთელი მისი სინათლე გადმომეცა. იგი, როგორც იდეა ზე-ადამიანისა, ჰაერში გაიფანტა. მე კი გავხდი საზარლად დიდი, გადავლახე ველები, ტყეები, ზღვები, კონტინენტები, ოკეანეები, ცაში ავიჭერი, დედამიწას შემოვუქროლე, კოსმოსში გავიფანტე, მთელი სამყარო მოვიცავი.

რადგან მე დავიტიე ის, მაგრამ მან ვერ დამიტია მე.

მივხვდი, რომ ის ძალა, მისი რომ მეგონა, ჩემს გონებაშია, ჩემს აზრებშია. ის ძალა მე გამოვიგონე, მე შევქმენი – ჩემსავე ხატად. ის ჩემს გარეშე არაფერი იქნებოდა. მე თავად ვყოფილვარ ისეთი, როგორიც იგი მეგონა.

მე თავად ვყოფილვარ ის ზე-ადამიანი.

Well, thanks… 😇 #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

*

ჯონ გალტმა მითხრა:

“იმის სახელით, რაც შენში საუკეთესოა, სამყაროს ყველაზე დაცემულებს მსხვერპლად ნუ შესწირავ.

შენი მაცოცხლებელი ღირებულებების სახელით, არ დაუშვა ადამიანის შენეული ხედვა შეირყვნას იმათი სიმახინჯის, სილაჩრისა და უგუნურების გამო, ვისაც სისპეტაკისთვის არასდროს მიუღწევია.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა შემართული პოზაა, უდრეკი გონებაა და შეუზღუდავ გზაზე მოგზაურის ნაბიჯია.

არ დაუშვა შენი შინაგანი ცეცხლი, თითოეული შეუცვლელი ნაპერწკალი, ჩაქრეს “დაახლოებით”-ის, “არც-ისე”-ს, “ჯერ-არა”-ს, “სულაც არა”-ს უიმედო ჭაობებში.

არ დაუშვა შენს სულში არსებული გმირის დაღუპვა, მარტოსული იმედგაცრუება იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელსაც იმსახურებდი, მაგრამ რომლისთვისაც არასდროს მიგიღწევია. შეამოწმე შენი ფუნდამენტი, შენი ბრძოლის დედაარსი.

შენ შეგიძლია თავად მოიპოვო შენი სანატრელი სამყარო! ის ხელშესახებია, ის რეალურია, ის უკვე შენია.”

*

ჯონ გალტს ვუთხარი:

“აღთქმას ვდებ, რომ გემსახურები და გისარდლებ, გიბიძგებ და შთაგაგონებ, გაგამხნევებ და გამოწვევების წინაშე დაგაყენებ.

ვფიცავ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებს, რომ იმ ადგილებში მიგიყვანო, სადაც მისვლაზე გიოცნებია.

ვფიცავ, რომ ყველა ჯურღმულში უშიშრად გამოგყვები, სადაც მარტო შესვლისა შეგშინებია.

შენს სამსხვერპლოზე ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყმაწვილე, ჩემი უნარი, ჩემი სიმართლე და ჩემი სიმამაცე მოვიტანე.

შენი ბრძოლა ჩემი ბრძოლაა.

შენი იკიგაი ჩემი იკიგაია.”

*

მათ მკითხეს:

“ვინ არის ჯონ გალტი?”

მე ვუპასუხე:

“მე ვარ.”

*

ბლოგის დასასრული

სან ფრანცისკო: 16.11.2016

2 წელია რელიგიურად ვიყენებ Gyroscope-ს. ეს სან ფრანცისკოში დაბანაკებული ვენჩურული კაპიტალისტების მიერ დაფინანსებული აპლიკაციაა, რომელიც პირადი მონაცემების ვიზუალიზაციას აკეთებს ვებში და მობილურზე.

Private ბეტა რომ გაუშვეს ვებზე, 2015 წლის 23 მარტს, იმ დღიდან მოყოლებული, ჩემზე უფრო passionate მომხმარებელი მგონი არ ჰყოლიათ. ჩემი პროფილი აქ შეგიძლიათ ნახოთ და მეგობრებშიც დამამატოთ: gyrosco.pe/Sweet

ვერ ვიტყვი რომ არ დამიფასდა. დღეს შევხვდი CEO-ს, ანანდ შარმას, რომელსაც წინა კვირაში ტვიტერზე მივწერე, ყავაზე ხომ არ შევხვდეთ-მეთქი და ჩემდა გასაოცრად, დამთანხმდა. ბევრი ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც კომპანია დგას. რამდენიმე იდეა გავუზიარე, როგორ შეუძლიათ სიტუაციის გამოსწორება. ბოლოს შევთანხმდით, რომ side-პროექტის სახით ცოტა ხანი მაგათ მარკეტინგზე ვიმუშავებ და თუ საქმე კარგად წავიდა, მერე გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ. 🚀

მადლიერების ნიშნად, VIP ექაუნთი გამიაქტიურა და იმდენი ახალი feature გამეხსნა, ალბათ ჩემი სტატისტიკით მალე თავს მოგაწყენთ. გამომყევით ბიოჰაკერზე და ინსტაგრამზე.

October #productivity #stats from @gyroscope_app PRO.

A photo posted by Biohacker (@biohacker_ge) on

*

ანანდთან შეხვედრის შემდეგ ერთი საათი მქონდა მარშალის ვახშმამდე და ფინანსური უბნის სამხრეთით მდებარე სანაპიროზე ვიბორიალე. იახტების კლუბი და AT&T-ს ბეისბოლის სტადიონი მოვინახულე. დღისით ამაღელვებელია სან ფრანცისკო. თუ უქარო კარგი ამინდიც დაემთხვა, შენობები მზისგან ოქროსფრად ელვარებს.

უკვე ვიცი, რომ აქ ოდესმე დიდი ხნით ვიცხოვრებ.

#sanfrancisco #yachts

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

#baseball #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

#baseball #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

სან ფრანცისკო: 15.11.2016

🇺🇸🗽 #USA

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

დღისით სულ სხვანაირია სან ფრანცისკო. მზე არ აცხუნებს, მაგრამ კარგი ამინდია, სითბო, ოკეანიდან საამური ბრიზიც უბერავს. ქუჩაში გავედი საუზმის საპოვნელად და 15 წუთი ვსეირნობდი. მაგარი უცნაური ხალხია. ვისთანაც მზერითი კონტაქტი დავამყარე, ყველამ გამიღიმა და მომესალმა. ერთი სასაუზმე დაკეტილი დამხვდა. ზღურბლთან მოხუც ცოლ-ქმარს გადავეყარე, რომლებიც ზუსტად მაშინ გამოდიოდნენ, იმედგაცრუებულები. ეგრევე შემომჩივლეს, დაკეტილი ყოფილაო. ცოლმა მკითხა, აქ ნამყოფი თუ ხარო? არა-მეთქი. ქმარმა ჩაურთო, “ადრე აქ ვისაუზმეთო”, ცოლს მიუბრუნდა, “გახსოვს, რომ ვისაუზმეთო?” ცოლმაც მაშინვე კვერი დაუკრა, “კი, როგორ არ მახსოვს, ძალიან კარგი საუზმე აქვთო”, თან ცერა თითით მანიშნა, თუ როგორი კარგი საუზმე აქვთ. აუცილებლად მოდი სხვა დროს, როცა ღია იქნებაო. კარგი-მეთქი.

გულწრფელად ვუთანაგრძნე – ასე იმედგაცრუებული დაკეტილი კაფეს გამო არავინ მინახავს.

#eightam #cafe #breakfast #oldcouple

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

ისე, ქუჩაში ხალხი რომ მხვდება, სახეებზე ვაკვირდები და ამდენი არაინტელექტუალური გამომეტყველება ერთად ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ისეთი განცდა მაქვს, უბრალოდ უმიზნოდ დახეტიალობენ ქუჩებში. თითქოს ცხოვრება შენელებულია, არავის არსად არ მიეჩქარება.

American Dream. #usa #sanfrancisco #house #car

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

ჯერ ვფიქრობდი, ამ ხალხმა ასეთი ქვეყანა როგორ ააშენა მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მე ვინც შემომხვდა, იმათ სულაც არ აუშენებიათ ეს ქვეყანა. ვინც ეს ქვეყანა ააშენა, ისინი დილიდან სამსახურებში, უნივერსიტეტებში და სკოლებში არიან.

სამშაბათის შუადღის 12 საათია. Black Point Cafe-ში რეი ჩარლზის “Georgia On My Mind” ჟღერს. კიშს შევექცევი, ერთ-ერთ ყველაზე უგემურ ყავას ვსამ, რაც კი ოდესმე დამილევია და ფანჯრიდან ოკეანეს გადავყურებ. მოიღრუბლა, მგონი წვიმას აპირებს. შორს ბუზისტოლად ამერიკის დროშაც ფრიალებს. ამაღელვებელი მომენტია… ზუსტად ასეთ მომენტებში ვამბობ ხოლმე:

“It is a good life.”

#view #SanFran

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

*

ვიყავი Hult-ში. შევხვდი სებასტიანს. და ტეილორს. და კაის. და სტეფანის. და მაიკს. და კიდევ ვიღაცებს რომელთა სახელებიც აღარ მახსოვს.

წალეკილი ვარ ემოციებით. ხვალ სპიკერების ვახშამზე უფრო მეტს გავიგებ. ახლა თუ არ დავიძინე, გადავიწვები. ყველაფერი ძალიან კარგად არის.

Mike, Stephanie, Kai, Taylor, Sebastian. #givegetwin #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

სან ფრანცისკო: 14.11.2016

#Greenland

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Travel✌️Write😇 (@belladore) on

თვითმფრინავში ვზივარ, გრენლანდიის თავზე მივფრინავ და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ბოლო დროს ემოციებთან კავშირს ვეღარ ვამყარებ. ვცდილობ გავაანალიზო, რა მჭირს. მგონი ასე მაშინ მემართება, როცა ყველაზე ბედნიერი ვარ. ამ დროს ვიწყებ ხოლმე საკუთარი ცხოვრების გამოტირებას.

*

ერთხელ Curious Apes-ის რედაქტორს იმეილი მივწერე:

“[…] მეშინია სიკვდილის. ყველა სირთულეს გავუძლებს რასაც ცხოვრება ჩემს მხარეს მოისვრის. ყველაფერს გარდა სიკვდილისა. ეს ჩემს სიკვდილზე კი არა, იმ ადამიანებზე უფროა, ვინც მიყვარს. მზაფრავს ის ყინულოვანი ფაქტი, რომ ერთ დღესაც ყველა მიმატოვებს და ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ან ერთ კვირაში. არ ვიცი, ამისთვის როგორ მოვემზადო.

ხანდახან ამაზე ფიქრი ცივს, რაციონალურს და მიუტევებელს მხდის. სხვა დროს კი თანაგრძნობით და ემოციებით ვივსები, ან გავშმაგდები ხოლმე და მზად ვარ ყველა პრობლემას შევებრძოლო. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც უმწეოდ და უიმედოდ ვგრძნობ ხოლმე თავს, ცხოვრება კი ავტოპილოტზე მიექანება – ეს ის პერიოდებია, რომლებიც ყველაზე მეტად მძულს.

ყურადღების ხელოვნება (Mindfulness) წამის სრულად გაცნობიერებას გვასწავლის, მაგრამ რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ან რაღაცას გადავამეტე. ძალიან ხშირად სრულად ვაცნობიერებ იმას, რომ ვცოცხლობ და ყოველ ასეთ მომენტში შეძრწუნებული ვარ იმით, რომ უნდა მოვკვდე.

მე ვგლოვობ საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როცა ცოცხალი ვარ. მე ვზეიმობ საკუთარ ცხოვრებას, მაშინ როცა ვგლოვობ მას. […]”

*

People sleeping in the streets… 😭

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Travel✌️Write😇 (@belladore) on

აეროპორტიდან BART-ით (Bay Area Rapid Transit) 9 დოლარად მოვედი და 16th Street Mission Street-ზე ამოვედი. პირველი შთაბეჭდილება არც ისე სასიამოვნო იყო. ქუჩები ბინძურია, მიწისქვეშებში შარდის სუნი დგას, უსახლკაროებს პირდაპირ ტროტუარზე სძინავთ, ყველაფერი მარიხუანის კვამლის სუნითაა გაჟღენთილი. როგორც ავტობუსის გაჩერებაზე თეთრკანიანმა გოგომ მითხრა, “ეს უბანი შედარებით ეთნიკურია, თუმცა საშიში არაა, რადგან აქ დიდი მოძრაობაა”. მერე რუკაზე ის ადგილები მაჩვენა, სადაც შეღამებულზე გავლას არ მირჩევს. მე სადაც ვრჩები, იმ უბანზე მითხრა, ძალიან სუფთა და ძვირიანი უბანია, მანდ ნუ შეგეშინდებაო. მართლაც ავტობუსით ძალიან ელეგანტურად მოვედი.

ვზივარ ჰოსტელის საერთო ოთახში, ახლახანს ვივახშმე, ტექ-მოწყობილობებს ვმუხტავ, სხვა მდგმურები ტრივიას თამაშობენ. სუფთა, კარგი, ახალგაზრდული ჰოსტელია.

რანაირი ხალხია… 👻 #california #sanfrancisco

A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore) on

ყოველ 15 წუთში ერთხელ მახსენდება, რომ ყველა იმ ადგილიდან, რომელსაც სახლს ვეძახი, ძალიან შორს ვარ, რომ ასე შორს არასდროს ვყოფილვარ, და რომ სრულად საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. ეს როცა მახსენდება, ყოველ ჯერზე შიშისგან ხელისგულები მიოფლიანდება.

არ მჯერა, რომ ასე უეცრად, მოუმზადებლად, დავადე თავი და სან ფრანცისკოში ჩამოვედი. არასდროს არ ყოფილა ეს ქალაქი ჩემი საოცნებო ადგილი. არავითარი ტურისტული გეგმა არ მაქვს. მხოლოდ საქმიანი შეხვედრები მაქვს დაგეგმილი რამდენიმე ადამიანთან (რომელთაგანაც ზოგს სულაც მხოლოდ ტვიტერიდან ვიცნობ). ყველა მათგანთან შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე. რაც ყველაზე მთავარია, რის გამოც ჩამოვედი, იმ ტურს უნდა დავესწრო და სებასტიან მარშალი გავიცნო. ტურის მეორე დღეს რაღაც ექსკლუზიურ სპიკერების ვახშამზე დამპატიჟეს. იქ შეიძლება მაგარ ხალხს შევხვდე. მიხარია. ვზეიმობ. თავს არაქისის კარაქის ორცხობილის მირთმევის ნებაც კი დავრთე. :)

ახლაც არ მჯერა, როგორ მოვახდინე ეს ყველაფერი.

უწონადობაში გამომეღვიძა

უწონადობაში გამომეღვიძა.

თითქოს ქვეშ სავარძელი გაქრა და ერთი წამით ჰაერში დავრჩი. თვითმფრინავმა მკვეთრად დაკარგა სიმაღლე. სალონში ჩოჩქოლი ატყდა. ჭერზე თავის მირტყმისგან ალბათ უსაფრთხოების ქამარმა მიხსნა.

“მგონი ვვარდებით…” გავიფიქრე და ამ დროს რამდენიმე ძლიერმა ბიძგმა თვითმფრინავი ჯერ მარჯვნივ გადააგდო, შემდეგ მარცხნივ. მგზავრებმა კივილი დაიწყეს. სტიუარდესამ მიკროფონში შეშფოთებული ხმით გამოაცხადა, ღვედები შეგვეკრა და ადგილებზე დავრჩენილიყავით. თვითმფრინავი განაგრძნობდა მოურჯულებელი კვიცივით ხტომას ზემოთ და ქვემოთ.

უკნიდან მომესმა ვიღაც კაცის განწირული ღაღადი: “ხრიიისტოოოოს! ხრიიიისტოოოოს! ხრიიიისტოოოოს!”

ილუმინატორში სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო. თვითმფრინავის მარჯვენა ფრთა ძლიერი ქარისგან ფოთოლივით ფარფატებდა. საკუთარი სხეულის სიმძიმის ცენტრს ხან სალონის მარცხენა მხარეს ვგრძნობდი, ხან მარჯვენაზე. სულაც არ იყო ეს კარგის ნიშანი.

მარჯვნივ სლავი გოგო მეჯდა, რომელიც ისტერიულად დაიწყო პირჯვრის გადაწერა და ტირილი. მარცხნივ სრულიად გაფითრებული ქართველი ბიჭი სასოწარკვეთილი ეძებდა სავარძლის ქვეშ მოთავსებულ უსაფრთხოების ჟილეტს.

“გადავრჩებით” გამიელვა თავში და თან ძლიერი ბიძგისგან ლამის სკამიდან გადავვარდი. ისევ ქამარმა მიხსნა. ტურბულენციაში მრავალჯერ მოვყოლილვარ, მაგრამ ეს ათჯერ უფრო ძლიერი იყო. თვითმფრინავი გიჟივით დახტოდა, თითქოს პილოტმა მართვა დაკარგა.

air-turbulence-graphic

“ნჯღრევაი საკვირველი…” გამეღიმა. ძრავის ბღუილს ვუსმენდი და საკუთარი სიმძიმის ცენტრის ცვლილებას ვაკვირდებოდი.

“სად არის დედამიწა?”

მეჩვენებოდა, რომ სიმაღლეს ძალიან სწრაფად ვკარგავდით. კივილი და ტირილის ხმები სალონში არ წყდებოდა. ვიღაც გოგო წამოდგა და სტიუარდესებისკენ მოძრაობა დაიწყო, თან აქეთ იქით აწყდებოდა და პირზე ხელი ჰქონდა აფარებული. ალბათ გული აერია.
თვითმფრინავმა კუდი ოდნავ აწია და დაშვება დაიწყო. ბიძგები არ წყდებოდა.
მთელი გონება მოვიკრიბე და წინა სკამის საზურგეზე ვკონცენტრირდი.
“ნუთუ დღეს მოვკვდები?”
უეცრად საშინლად დამცხა.
სალონში სხვებს გადავხედე. ყველას სახეებზე ეწერა, რასაც ფიქრობდნენ. ისინი უკვე მკვდრები იყვნენ.

“ხრიიისტოოოოს! ხრიიიისტოოოოს! ხრიიიისტოოოოს!”

არაფერს ვგრძნობდი, გარდა პატარა სინანულისა, რომ დედას და მამას ძალიან დაწყდებათ გული.

რაზე მინდოდა მეფიქრა? რა ფიქრები და მოგონებები უნდა შემერჩია ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებისთვის?

ჩემს კვლევას ვერავინ დაამთავრებს… ნეტავ ვინმეს მოუვიდეს იგივე იდეა… ჩემი წიგნიც დაუმთავრებელი რჩება, და კიდევ რამდენი დაუმთავრებელი პროექტი… მაგრამ ახლა საქმეებზე დარდის დრო არ არის.

ის ბიჭი გამახსენდა, ბოლოს ვინც გული მატკინა.

ნეტა აქ რომ ყოფილიყო, შიშისგან გული წაუვიდოდა თუ ასე ჩემსავით მშვიდად იჯდებოდა და ხელს მომიჭერდა და გაიღიმებდა? ალბათ გული წაუვიდოდა.

არ მინდოდა მასზე ფიქრი. მაგრამ რაზე მინდოდა? თავში არაფერი მომდიოდა გარდა ჩემი ოჯახის წევრების სახეებისა. ისინი იღიმოდნენ და ვუყვარდი. ნეტავ შემეძლოს წერილი დავუწერო… მაგრამ არაფერი მქონდა მათთვის სათქმელი, არც მათ ჰქონდათ რამე სათქმელი. ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარებული იყო.

ამბობენ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ გაგირბენსო, მაგრამ ჩემს წინ არაფერს არ გაურბენია. არცერთი მოგონება არ ამოტივტივებულა.

სრულად იმ ადგილას და იმ მომენტში ვარსებობდი. მთელი სხეულით, სულით და გონებით ვგრძნობდი ყველა სავარძელს ამ მართვა დაკარგულ თვითმფრინავში, ყველა ადამიანს ვისთან ერთადაც ვკვდებოდი, სალონის კედლებს, ძრავს, ფრთებს, გარეთ ატმოსფეროს, ღრუბლებს, სადღაც ზემოთ მთვარეს და ვარსკვლავებს, ქვემოთ დედამიწას, დედამიწაზე ვგრძნობდი ყველა სულიერს, განსაკუთრებით იმათ ვინც მიყვარდა, ვგრძნობდი მთელ სამყაროს, თითქოს მე ვიყავი იგი მთლიანად, ეს ყველაფერი ჩემში ხდებოდა და არა ჩემს გარეთ.

თუ არსებობს სამყაროს ერთიანი გონი, ახლა სწორედ იმ გონთან მქონდა კავშირი დამყარებული. გონმა მაცნობა, რომ ამ ერთიანობის ნაწილი ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, და რომ სიკვდილზე დარდს აზრი არ აქვს, რადგან მე უკვე იქ ვარ, და ის ყველაფერი უკვე აქ არის. და ეს ყოველთვის ასე იყო, ამ მომენტში არაფერი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა.

არ მინდოდა, მაგრამ მზად ვიყავი სიკვდილისთვის. მივიღე ის როგორც მოცემულობა, და მერე ვუთხარი: “მინდა, რომ ვიცოცხლო”. სიცოცხლე სრულად გავისიგრძეგანე. ვიყავი ჯიუტად ბედნიერი, რადგან ჯერ კიდევ ვსუნთქავდი. უარი ვთქვი, მეფიქრა სიკვდილის ყოველგვარ საფრთხეზე. ყოვლისმომცველი სიმშვიდე დამეუფლა.

უცებ რაღაცას მივხვდი.
ძალიან სწრაფად არ ვვარდებით, რადგან ყურები არ დამგუბებია…

მარჯვნივ გოგოს გადავხედე. პანიკისგან ლამის ხელები დაიმტვრია. ფოთოლივით ცახცახებდა.

“ნუ გეშინია…” ვუთხარი და მშვიდად გავუღიმე.
“რა?”
“ნუ გეშინია”, ხელი ჩავკიდე და მაგრად მოვუჭირე. ტირილი შეწყვიტა. “ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება”
“მადლობა… მადლობა…” უკვე მეხუტებოდა.

ისევ შევქანდით. ქართველ ბიჭს მივუტრიალდი. ფერი არ ჰქონდა. მასაც ხელი ჩავკიდე. მგონი ჩემი სიმშვიდე გადაედოთ. დანარჩენი სალონი ისტერიკაში იყო. ვისხედით ასე ხელჩაკიდებულები, ჩუმად, ბიძგებისას ერთმანეთს ვუჭერდით გაოფლიანებულ ხელისგულებს და ვფიქრობდით:

“გადავრჩებით, გადავრჩებით”…


 

ტექსტში აღწერილია 2016 წლის 25 მარტის პეგასუს ეარლაინის მიერ შესრულებულ სტამბოლი-თბილისის რეისის დროს ძლიერი ტურბულენციის შედეგად გამოწვეული ემოციური განცდები.

ძლიერი ტურბულენცია, უკიდურესად იშვიათი შემთხვევების გარდა, არასდროს არის მგზავრების სიცოცხლისათვის საშიში. ის არ იწვევს ავიამზიდის დაზიანებას ან ავარიულ დაშვებას. უფრო ხშირად მგზავრები სტრესის ფონზე ხდებიან შეუძლოდ და არა ფიზიკურად ცუდად ყოფნის გამო.

ყოველი ფრენის წინ შეიკარით უსაფრთხოების ქამრები.