7 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ

1 კვირის წინ ჩემი ლამაზი, გრძელი თმა შევიჭერი. რატომო ვინც მკითხა, ყველასთვის მქონდა ერთი დიდი, მსუქანი სიმართლე: გამიფუჭდა!

მიუხედავად ჩემი მოვლა-პატრონობის, ყურადღების, მცდელობების და უამრავი მართლა ეფექტური და ძვირფასი პროდუქტის გამოყენებისა, თმის ბოლოები მაინც გაიყო, დაიწვა, გახუნდა და ა.შ.
უნდა ვაღიაროთ, რომ დრო და დრო თმა მაინც შესაჭრელი ხდება.

თავი რომ დავანებოთ ქიმიურ საღებავებს, რომლითაც ჭაღარის ოსტატურად დაფარვას ვცდილობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სამყაროში ჰაერიც კი მოწამლულია. თმაზე ზემოქმედებას ახდენს მზე, წვიმა, თოვლი, ქარი – ყველაფერი! თვით ის წყალიც კი, რომლითაც შხაპს ვიღებთ ზოგან ზემდეტად ხისტია, ზოგან კი ზედმეტად რბილი.

ამას კი თურმე ის საზოგადო შეცდომებიც ემატება, რომელთაც ჩვენ თვითონვე ვუშვებთ თმის მოვლის პროცესში და მათი თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ეს შეცდომები კი ზუსტად მაშინ ხდება როცა:

1. დიდხანს წელავ შეჭრებს შორის პერიოდს.

თუ შენი სტილი მართლა მოგწონს, მაშინ ვარცხნილობა მინიმუმ ექვს კვირაში ერთხელ უნდა განაახლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ სტილისტს გაუჭირდება წინა ვარცხნილობის გამეორება.

2. თმას იბან ყოველ დღე.

რა თქმა უნდა სუფთა თმა სასიამოვნოა, მაგრამ ხშირი დაბანა აშრობს თავის კანს და აღარიბებს მას ბუნებრივი ცხიმისგან, რომელიც აუცილებელია თმისთვის. საუკეთესო გამოსავალია ყოველ ორ დღეში ერთხელ დაბანა და შამპუნის შემდეგ კონდიციონერის გამოყენება.

3. ფენი ყოველთვის ჩართული გაქვს მაქსიმალურ სიმხურვალეზე.

გლუვ ვარცხნილობას სიმხურვალე კი არ წარმოქმნის, არამედ – ჰაერის ნაკადი. მაქსიმალურ სიმხურვალეზე დაყენება თმას ხშირად წვავს ან/და წვრილად ახვევს (frizz). ჩართე ფენი თბილ ან სულაც გრილ ჰაერზე და უბრალოდ ოდნავ მეტი დრო დაუთმე თმის გაშრობას.

Frizz | Non-frizz

4. ერთდროულად იყენებ თმის ლაკს და ცხელ უთოს.

იცოდი, რომ თმის ლაკი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც ძალიან სწრაფად იწვის? წარმოიდგინე რა შეიძლება მოუვიდეს თმას, რომელზეც ლაკი გაქვს შესხურებული და თან ცხელ უთოს ჩამოუსვამ. თმის დავარცხნისას გამოიყენე თმის თერმულად დამცავი საშუალებები ხოლო ლაქი მხოლოდ ვარცხნილობის დასრულების შემდეგ შეისხურე.

5. იყენებ დამატენიანებლის ზედმეტ დოზებს.

თმის სუპერ-დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენების ცდუნება დიდია, თუმცა შეიძლება ერთ დღესაც ამ პროდუქტებმა უსიცოცხლო, გამოფიტულ კულულები შეგატოვოს თავზე. ყოველ დილით თითო მსუბუქი შეხება თმის დაზიანებულ ბოლოებზე, რომლებიც ლოგიკურად ყველაზე “ბებერია”, სრულიად საკმარისია თმის დოზირებულად დატენიანებისთვის. დაიმახსოვრე, რომ თმის ძირები ისედაც ყოველთვის ტენიანია, თავის კანის ბუნებრივი ცხიმების წყალობით!

6. თმას იღებავთ მთლიანად, მაშინ როდესაც მხოლოდ ძირები გაქვს შესაღები.

თუ უბრალოდ ამოზრდილი ძირების შეღებვა გსურთ, არ არის აუცილებელი საღებავის მთელს სიგრძეზე წასმა და ერთხელ შენაღები თმის კიდევ მეტად დატვირთვა ზედმეტი ქიმიური ზემოქმედებით, რამაც შესაძლოა თმის გამოფიტვა გამოიწვიოს.

7. ყურადღებას არ აქცევ “ჩოლკას”.

“ჩოლკა” ისეთ დიდ ზეგავლენას ახდენს ვარცხნილობაზე, რომ მისი აზრზე მოყვანის გარეშე ტარება კიდევ მომდევნო 2 თვე წარმოუდგენელია. ექსპერტები “ჩოლკის” შესწორებას მინიმუმ სამ კვირაში ერთხელ რეკომენდირებენ.

წარმატებებს გისურვებთ თმის მოვლაში, ეს კი ჩემი ახალი ვარცხნილობა:

ჰმმ... მგონი გავხდი კიდეც ცოტა...

 

 

20 Comments

  1. კიდე ვიცი 1 შეცდომა, თავი ცხელი წყლით არ უნდა დაიბანოთ, ოდნავ ცივით, აი ნელთბილს რომ ეძახიან, თორე ჩხელი წყალი ძალიან აფუჭებს თმას და კანს.. ფენის გამოყენებაც არ მიყვარს მე, თუ სადმე არ მეჩქარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ… და აიი ჭაღარებზე დავიბენიი :D შენ ჭაღარა გქონდა რო შეიღებეე? :D გიხდება მაგრამ ასე მგონია რომ ჩოლკა უფრო მოგიხდება :)

  2. მომწონს შენი ახალი თავი.. <3

    პრინციპში, ეს ყველაფერი ვიცოდი და ყოველთვის ვცდილობ, რომ ზედმეტად არ ვანერვიულო თმები… :)

    ზაფხულში ფენით საერთოდ არ ვიშრობ.. :)

  3. ჩოლკა უკვე ჩემი ტკივილია. ვერც ერთი სტილისტი ვერ ახერხებს ისე შემჭრას, რომ ყოველ დღე შესასწორებელი არ გახდეს. ჰოდა, შევეგუე და მაქვს ასე, აცაბაცა.

  4. ჰმ, იძულებული გავხდი მეც შემეჭრა.. დაახლოებით ეგრე მაქვს მეც, ოდნავ მოგრძო…

  5. კარგი რჩევებია,ბევრს გამოადგება.
    მე წლებია უკვე გაქერავებული მაქვს თმები,და ორმაგი მზრუნველობა მჭირდება.
    ბარემ ერთ რჩევასაც დავამატებ,იმედია გამოგადგებათ.
    თმის ცოტათი დასველებას თუ გადაწყვეტთ,ჩოლკის მაგალითად,ეს ონკანის წყლით არ გააკეთოთ,ანადუღარი წყალი გამოიყენეთ,ის ნაკლებად ხისტია–ამიტომ თმა ბზინვარებას არ დაკარგავს.

    მომწონს შენი თმის ფერი. :)

  6. მაინც ლამაზი თმა გაქვს, შენი ღირსებაა ნამდვილად. ლოვ ით!

    ხო, თმის მოვლა მართლა რა მნიშვნელოვანია და მაინც ვერ ვუვლით ნორმალურად. სასარგებლო რჩევები იყო, სვითი, მადლობა.

  7. მესმის შენი, მეც დაახოლებით 10 დღის წინ შევიჭერი იგივე მიზეზით, ბოლოები გამეყო :( არადა როგორ არ მინდოდა, ისედაც არ მეტყობა სიგრძე, ხვეული თმა მაქვს და ეხლა ისევ იმ სიგრძე როდის იქნება ;( არც ვიღებავ, ძალიან იშვიათად ვისწორებ, ფენით მარტო ზამთარში ვიშრობ, მაგრამ მაინც მიფუჭდება ალბათ იშვიათად ვიჭრი და კაცმა არ იცის რა ნაგავ შამპუნებს ვხმარობთ.

  8. არცერთ შეცდომას არ ვუშვებ არასოდეს!!! მე მიყვარს ჩემი თმა.

  9. მეც მაქვს ახლა გაყოფილი ბოლოები, არადა 1.5 წელი კარეს ვიზრდი. არ მინდა შეჭრა, მაგრამ მომიწევს :/

  10. ძალიან მიყვარს გრძელი თმები! თუმცა, არასდროს მყოფნიდა ნებისყოფა მომეზარდა. მუდმივ ექსპერიმენტებს ვუტარებდი ჩემს თმებს. კარგი ხარისხის თმები მაქვს, საშუალო სისქის, მბზინვარე, თუმცა ჩემი ზედმეტად ცხიმიანი თავის კანი ნერვებს მიშლის! გარდა ამისა, ბოლო ორი წელია რეაქტიულად ვჭაღარავდები! ჭაღარა მეზიზღება ორგანულად და მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ მსიამოვნებს, იძულებული ვარ თმა შევიღებო… :(
    ვიბან მდუღარე წყლით! თუ ძალიან ცხელი წყალი არ არის, უბრალოდ, ვიყინები შხაპის ქვეშ…
    მოკლედ, პირველად ცხოვრებაში გავიზარდე თმები. ამის მიზეზი ის არის, რომ დალაქოფობია ჩამომიყალიბდა, ბოლო წლებია არ მახსოვს დალაქიდან კმაყოფილი წამოვსულიყავი, არც მეტნაკლებად უკმაყოფილო – მოვდივარ უბედური!!!! და ბოლოს საერთოდ, მოთქმით დავტოვე სალონი… არ ვიცი რატო, მაგრამ, ძალიან მასახიჩრებენ :(
    არადა, ნერვები არ მყოფნის ამხელა თმის მოსავლელად…. თურმე არც ძალიან მიხდება ეს გრძელი თმა… რა ვქნა არ ვიცი, სალონში მისვლის მეშინია :((((((

  11. გიხდება ეს ახალი ვარცხნილობა და ფერიც:)
    (ანუ, მე იმ სურათს ვადარებ, რომელიც აქვე გედო)

  12. ძალიან მოკლედ მოგსვლია თმის შეჭრა. მე ყოველი თმის დაბანისას თმის ბოლოებს ვიჭრი რამდენიმე მილიმეტრით. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ბოლოჭამიების წინააღმდეგ, თმის ბოლოების Xშირად მოჭრაა

    1. ჰაჰ, მე კი ვფიქრობ, კიდევ ცოტა უნდა დამემოკლებინა. ესეც გრძელია.

  13. მე მაქვს ეხლა გაყოფილი ბოლოები და შევიჩრი ახლო მომავალში,არადა მენანებნა ცოტათი… :)

  14. გამარჯობათ! ძალიან მომწონს თქვენი თმის ფერი! რიჟაზე ვგიჟდები! იქნებ მითხრათ რით შეიღებეთ, რა ნომრით? როგორც ჩანს არ გაგიღიავებიათ თმები. მე ვაპირებ შეღებვას რიჟად ოღონდ ცოტა მუქი რიჟა მინდა ოდნავ მოწითალო რომ დაჰკრავდეს! გაღიავების გარეშე რას მირჩევთ? მეც ხშირად ვიჭრი თმას ჩემით დაახლოებით 2 მმ ,თმას ვიზრდი და სალონში რომ მივიდე ვიცი ბევრს მომაჭრიან! ასე უკვე მეორედ ვიზრდი თმას ტან ჯანმრთელია!

  15. ძალიან დიდი მადლობა!ყურადღებისთვის.

Leave a Reply