ბაზისი

ქუჩაში მიმავალი გათხლეშილი მთვრალი ბიჭი და გოგო დავინახე. რაღაცას უსმენდნენ მობილურში, ცეკვავდნენ და თან მთელ ხმაზე გაჰკიოდნენ. უცებ ბიჭი ეუბნება გოგოს:

– მორისონი რომ არ არსებობდეს, ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით…

ამ ფრაზამ გამიჩინა შეკითხვა: რაზე ეწყობა ურთიერთობები? კარგია თუ ცუდი, როდესაც ურთიერთობის ბაზისი რამე საერთო ინტერესი ან ჰობია?

ხშირად ზოგისთვის ეს ბაზისი მუსიკაა, ან ცეკვა, ან კონსტრუქტორების აწყობა, ან კომპიუტერული თამაშები, ან საერთო ბიზნესი.

მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ საერთო ინტერესები და გატაცება შეიძლება მალე გაქრეს და ურთიერთობა რომელიც ამ გატაცებაზე იდგა, ჰაერში გამოეკიდება.

ჩემი აზრით, ურთიერთობა შედარებით “მარადიულ” ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს, როგორიცაა რელიგიური ან/და პოლიტიკური შეხედულებები, შეხედულებები ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილების აღზრდაზე, მსოფლმხედველობა, წარმოდგენები სამყაროზე. ეს ისეთი თემებია, რის შესახებაც ადამიანი შედარებით ძნელად იცვლის აზრს. მორისონი და კონსტრუქტორები კი ერთ დღესაც შეიძლება ძალიან ადვილად მოგბეზრდეს…

პ.ს. თქვენ თუ დაგიწყიათ ურთიერთობა ვინმესთან საერთო გატაცების ან ინტერესის გამო?

23 Comments

  1. გეთანხმები სრულიად.ბევრი ოჯახი ეწყობა საერთო “მაგდაგვარი” ინტერესებით და მალევე ინგრევა,ძირითადათ ალბათ უფრო ახალგაზრდა წყვილები (17 წლიდან 18-მდე)

  2. მართალი ხარ. ოღონდ არც შენი ჩამოთვლილი შეხედულებებია მარადიული. ზოგადად ადამიანი ყველა ეტაპზე იცვლება. ერთ დღეს შეიძლება გასაგიჟებელი დამთხვევები აღმოაჩინო, მეორე დღეს კი უბრალოდ ვერ მიხვდე რა გაქვთ საერთო.
    უბრალოდ არსებობს რაღაც ქიმია და მორჩა.

    1. გეთანხმები.
      “მარადიული” – მაგიტომაც მიწერია ბრჭყალებში.

  3. მასეთი ბაზისები ურთიერთობის დასაწყისად შეიძლება გამოდგეს, მაგრამ შემდეგი ეტაპებისათვის უფრო სერიოზული საფუძვლებია საჭირო. აბა ჩემმა მტერმა უსმინა მორისონს მთელი ცხოვრება :D

  4. ადამიანები იცვლებიან, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ალბათ მართლა გემოვნებას ან სტილს, თუნდაც ცხოვრებისას უფრო მარტივად იცვლიან, ვიდრე სულიერ ღირებულებებს. მაგრამ მაინც ვფიქრობ ცხოვრებაში ყველაფერი ინდივიდუალურია და მზა რეცეპტი არ არსებობს, თუ რა საფუძვლებზე ავაწყოთ ურთიერთობები. როცა გიყვარს, არ გაინტერესებს მისი რწმენა, პოლიტიკური შეხედულებები, სიყვარულს არც ასაკი აქვს, არც მოკვდავი და არც უკვდავი… მთავარია მათ ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთის აზრსაც პატივს სცემდნენ.

  5. დიახ დამიწყია და 6 წელია ერთად ვართ…მე ვერ ვიცხოვრებ ადამიანთან, რომელსაც მორისონი არ უყვარს.

  6. ჩემმა ბიჭმა მას შემდეგ მიიქცია ჩემი ყურადღება, რაც გავარკვიეთ რომ ერთი საყვარელი ფენტეზი ავტორი გვყავს, რომელსაც საქართველოში ძაააალიან ცოტა ადამიანი იცნობს.

  7. მე და ჩემი ყოფილი ერთმანეთს რამდენიმე წელი ვიცნობდით, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მეგობრებთან ერთად დავლიეთ, ერთმანეთთან საუბარიც ავაწყეთ და აღმოჩნდა, რომ ორივე ვგიჟდებით ფრენკ სინატრასა და 30 წლების ჯაზზე, გვიყვარს თბილისის ძველ ქუჩებში ხეტიალი, ორივეს შეგვიძლია სიგიჟეების ჩადენა, საათობით ვარჩევდით ნიცშეს, აკუტაგავას, დიოგენეს, რილკეს. ერთნაირად ვტკბებოდით რომელიმე მყუდრო ბარში ორივესთვის საყვარელი მუსიკის მოსმენით, ერთნაირი სიტკბოთი ვსვამდით ჩვენს საყვარელ კონიაკს, დავდიოდით გაუკვალავ თოვლში დიდხანს, ჰორიზონტისკენ, სადაც თოვლიანი ცა თოვლიან მიწას ერწყმოდა. შუაღამისას მივდიოდით ბარათაშვილის ხიდის ქვეშ და ვუყურებდით ლამპიონებით განათებულ, აზვირთებულ მტკვარს, ულამაზეს ნარიყალას, შემდეგ მტკვრის ტალღების ხმაზე ვცეკვავდით ვალსს, ის ჩემს უსაყვარლეს ლექსებს მიკითხავდა… ის ჩემი მეორე ნახევარი იყო, ყველაფერი ერთნაირი მოგვწონდა, ერთი და იგივე გვიხაროდა და გვტკიოდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე, თითქოს უფალმა ჩემი ჩამოჭრილი სიცარიელის შესავსებად გამომიგზავნა. …მაგრამ ის მაინც ყოფილია…

      1. იმიტომ, რომ scarlet ზედმეტად სენტიმენტალური და პათეტიკური იყო, lol :D :D

  8. არამგონია რომ ურთიერთობა მაინც და მაინც რამეზე უნდა იყოს დამოკიდებული. ხომ შეიძლება, რომ არ გქონდეთ საერთო ინტერესები საერთო ჰობი და შეხედულებები… უბრალოდ ერთად კარგად იყოთ?

  9. იმიტომ რომ ოჯახი სულაც არ არის ლამაზი ზღაპარი, მე რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი, ასეთი ლამაზი მოგონება აღარ მექნებოდა, ყველაფერს დაულაგებელი სახლი და ბავშვის პამპერსების სუნი გაახუნებდა… კიდევ იმიტომ რომ ეს სიყვარული ავადმყოფობად გადამექცა, გამუდმებით მისი დაკარგვის შიში მაწამებდა, მეჩვენებოდა რომ ყოველი შეხვედრა უკანასკნელი იყო და როგორც უკანასკნელს ისე ვიმახსოვრებდი, მეჩვენებოდა რომ მისი სიყვარული არაფერი იყო ჩემს უზარმაზარ გრძნობასთან შედარებით… ამ შიშმა ღიმილიც კი დამიკარგა… როცა გავიდა წლები და მივხვდი, რომ ბედნიერი ქალი კი არა, შიზოფრენიამდე მისული გიჟი ვიყავი, უსასრულო საშინელებას საშინელი დასასრული ვამჯობინე, და თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა, ერთხელ ვიდარდე და დამთავრდა. ასე აღარასოდეს აღარ მინდა მიყვარდეს. დღეს ქმარიც მყავს, შვილიც და ის სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდაც, რაც ასე მენატრებოდა. ვიცი ძნელი გასაგები იქნება ეს ბევრისთვის, მაგრამ მე შიში სამუდამოდ დავამარცხე. ტავი ჯანმრთელ და საღად მოაზროვნე ადამიანად ვიგრძენი.

  10. ჰო, კიდევ ჩემს ქმარს მგონი ნიცშე და აკუტაგავა არც გაუგონია, ვერც იმას ხვდება რატომაა ლამპიონებით განათებული ღამის თბილისი ასეთი ლამაზი, არც სადღეგრძელოების თქმა ეხერხება და სულაც არ ესმის პოეზიის ან ჯაზის. უბრალოდ ის “ის” არის, მე “მე”. მასში არასოდეს მიძებნია ჩემი ნახევარი, მე ჩემი პატარა სამყარო მაქვს, მას კი თავისი. ყველაფერი ძალიან მარტივი და მშვიდია.

    1. თქვენმა პოსტმა ყურადღება მიიქცია…
      და მე მესმის შენი. ხანდახან მეც მინატრია, ამ მეორე ნახევარს იქნებ ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ადამიანი სჯობდეს…
      მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება საინტერესო.

      მაპატიე დეტალური შეკითხვისთვის, არ არის რთული ის, რომ შენ შენი სამყარო გაქვს, მას კი თავისი? (ანუ ცალ-ცალკე)

  11. ჩემი ურთიერთობა საერთო ინტერესებზე არ დაწყებულა, უბრალოდ საერთო მიდგომები და ღირებულებები აღმოგვაჩნდა….ეს იყო საინტერესო…
    ერთნაირი რამეები გვახარებს და გვსიამოვნებს. სილამაზესაც ერთნაირი აღქმა გვაქვს… შეფასებებს ერთნაირად ვახდენთ…. და რაც მთავარია, ის ჩემს ცხოვრებას ჩემი თვალით უყურებს (აუფ რა ჩავხლართე:))
    თუმცა, მისი მუსიკის მოსმენა მხოლოდ მერე დავიწყე და ახლა მეც მოწონს …

    ანუ მე ვფიქრობ 1 კონკრეტულ რამეზე არ უნდა იყოს აგებული, თუმცა გააჩნია ის 1 კონკრეტული რამ რა არის…
    შეიძლება ის 1 რამ იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ ყველაფერი გადაწყვიტოს.

  12. მოკლედ გეტყვი – მე არ გეთანხმები.. თუმცა, რელიგიური მრწამსით ბევრი ოჯახი იქმნება:)
    პოლიტიკური მოტივი არ მგონია მარადიული იყოს, თან საქართველოში..
    ოჯახური ცხოვრებისა და ბავშვის აზღრდის შესახებ, მეეჭვება ბევრი ლაპარაკობდეს ან ესმოდეს – სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებიან:)

    ჩემი აზრით წყვილი მაშინ არის ბედნიერი როცა საერთო ინტერესი აქვთ, ზოგადად.. ვისთვის ეს ინტერესი “ლაითია”.. ვისთვის, კი – საკმაოდ მნიშვნელოვანი:)

    მოკლედ ვიტყვი – განათლების და ზოგადად კულტურის დონე უნდა ქონდეთ მსგავსი (დონე და არა პროფესია), ერთმანეთის უნდა ესმოდეთ, თავიდანვე ან “აქამდე” უნდა მივიდნენ :)

  13. ძნელი ისაა როცა ვინმეს ნახევარი ხარ და იცი მის გარეშე სამუდამოდ გეტკიება ჩამოჭრილი სიცარიელე და ნახევარი ადამიანი დარჩები. როცა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, როცა შენი გული მის სხეულში ფეთქავს. ახლა მე მე ვარ, კონკრეტული ადამიანი, დამოუკიდებელი და მარტოსაც შემიძლია მიხაროდეს და მწყინდეს, უბრალოდ დღევანდელ ცხოვრებაში (ტრისტანი და იზოლდას, რომეო და ჯულიეტასგან განსხვავებულ ეპოქაში) ეს ბევრად ჯანსაღი მდგომარეობაა.

    1. გეთანხმებით , ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, თითქმის ორი წელი მსგავსი სიტუაციის მსხვერპლი ვიყავი, მისი დაკარგვის ისტერიული შიში მქონდა და ბოლოს ისე მოხდა რომ დავკარგე კიდეც, არადა უამრავი საერთო ინტერესი გაგვაჩნდა ორივეს, ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და ნამდვილი მეორე ნახევარი იყო, თუმცა ალბათ მეც მისი ცოლი რომ გავმხდარიყავი ყველაფერი გაუფერულდებოდა . როდესაც ეს ყველაფერი დავასრულე და წერტილი დავუსვი, მივხვდი რომ ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოვტოვე, რადგან მხოლოდ იმ ადამიანით ვიყავი შემოფარგლული და სხვა არაფერი მაინტერესებდა,ახლა კი კარგად ვარ, ამ ყევლაფრისგან გავთავისუფლდი და მშვიდად ვარ . ცოტა ვრცელი და არეული პოსტი გამომივიდა მაგრამ , მგონი მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა

  14. ყველაურთიერთობა საერთო ინტერესებისაღმოჩენით დაიწყო და ადამიანისადმი ინტერესის გაქრობით დავამთავრდა..
    ერთის გარდა, რომელიც მეც არ ვიცი რას ებაზისება.

  15. > პ.ს. თქვენ თუ დაგიწყიათ ურთიერთობა ვინმესთან საერთო გატაცების ან ინტერესის გამო?

    ჰმ, მე და მეუღლე საერთო ინტერესის გამო შევხვდით ერთმანეთს – საცეკვაო მოედანზე. :-) 7 წლის წინ. თითქმის 5 წელია რაც დავქორწინდით და ცეკვაზე ჯერ კიდევ დავდივართ.

    ასეც ხდება.

    1. ცეკვის გარდა რამე გაქვთ საერთო? :))))

      არა, ცუდი კითხვა დავსვი. 5 წლის განმავლობაში დაგიგროვდებოდათ ბევრი რამ, მაგრამ აი ცეკვა რომ მოგბეზრდებათ ორივეს… მერე? :)

      1. >აი ცეკვა რომ მოგბეზრდებათ ორივეს
        მე ჯერ არ მბერზრდება, ბრწყინვალე ვარჯიშია დამატებით. კვირაში ერთხელ დავდივარ, დღესაც წავალ. მართალია მეუღლე ასე ხშირად ვერ ახერხებს…

        რაც შეეხება კითხვას – სწორედ იყო დასმული. ბაზისი – ის საძირკველი რომელზედაც შენდება საერთო ცხოვრება – აუცილიებელია რომ იყოს ერთიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი აშენდება საძირკველის გარეშე და პირველი ქარის დაქროლვის მერე დაიხურება.

        > ცეკვის გარდა რამე გაქვთ საერთო?
        ყველაფერი ის, რაც ზემოთ დაწერე:

        —-
        რელიგიური ან/და პოლიტიკური შეხედულებები, შეხედულებები ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილების აღზრდაზე, მსოფლმხედველობა, წარმოდგენები სამყაროზე. ეს ისეთი თემებია, რის შესახებაც ადამიანი შედარებით ძნელად იცვლის აზრს.
        —-

        ცეკვით დაიწყო საქმე მაგრამ ურთიერთობა და ერთად ცხოვრების სურვილი გამოჩნდა იმის მერე როდესაც აღმოჩნდა რომ ზემოთჩამოთვლილში ძირითადად ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ. და თუ აზრები განსხვავდება, ორივე მხარე ეძებს კომპრომისებს და მეორე მხარის აზრს პატივს სცემს.

        5 წლის განმალობაში არ გვჩხუბია საერთოდ. ხმაც კი არ აგვიწევია ერთმანეთზე.

Leave a Reply to მანქი Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.